შალვა პაპუაშვილი: ვინმეს კითხვები თუ აქვს, სიამოვნებით ვპასუხობთ. რა დასკვნები გამოაქვთ, ეს ეს დიდი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ჩვენთვის მთავარია დავარწმუნოთ ქართველი ხალხი ჩვენი პოლიტიკის სისწორეში

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მან გაიმეორა, რა წითელი ხაზები აქვს ქართველ ხალხს საგარეო ურთიერთობებში და რომ ქვეყნის მოქალაქეები არავის დაუთმობენ სისხლით მოპოვებულ უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება.

„ჩვენ არავის დარწმუნებას არ ვცდილობ. ვინმეს კითხვები თუ აქვს, სიამოვნებით ვპაუსხობთ ყველას კითხვას, რამე თუ აინტერესებთ. რაში რწმუნდებიან და რა დასკვნები გამოაქვთ, ეს მათი საქმეა და ჩვენთვის ეს დიდი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ჩვენთვის მთავარია დავარწმუნოთ ქართველი ხალხი ჩვენი პოლიტიკის სისწორეში. რაც შეეხება დიალოგის აუცილებლობას, ეს არის უპირველეს ყოვლისა იმ ქვეყნების თუ ორგანიზაციების ინტერესში, რომლებსაც ქართველ ხალხთან უნდათ ურთიერთობა. ეს არის მთავარი წითელი ხაზები, რაც ჩვენ გვაქვს. როდესაც რომელიმე ქვეყანა არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ეს მიუღებელია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც გეოგრაფიული მხრიდან ხდება საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა - ჩრდილოეთიდან თუ დასავლეთიდან. რა მნიშვნელობა აქვს, საიდან დაუბერავს ქარი, თუკი ეს ქარი არ არის სწორი? როდესაც ვხედავთ სუვერენიტეტის უპატივცემლობას, და ეს დავინახეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში, რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია ურთიერთობების შემდგომი გართულება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, რომლებსაც უცხოელი პოლიტიკოსებიც აკრიტიკებენ. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ვინმეს არ მოსწონს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები და ფიქრობენ, რომ მათი უფლებები ილახება, ყველას აქვს ამ კანონების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების უფლება და ამ საკითხზე დასკვნის გამოტანა მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და სტრასბურგის სასამართლოს აქვს.

„საკონსტიტუციო სასამართლომაც და სტრასბურგის სასამართლომაც უარი თქვეს გამჭვირვალობის შესახებ კანონის შეჩერებაზე. ამით ყველას უთხრეს - „ენჯეოებსაც“, ოპოზიციასაც, აქ მყოფ ელჩებსაც, PACE-ს დელეგაციას, PACE-ს მთლიანად, PACE-ს გენერალურ მდივანსაც, გენერალური მდივნის მოადგილესაც, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი. ეს კანონი, მართალია, გასაჩივრებულია სასამართლოში, მაგრამ ეს კანონი ისეთს არაფერს არ არეგულირებს, რაც მყისიერ რისკსა და საფრთხეს უქმნის იმ სუბიექტებს, რომლებსაც აწესრიგებს. ამიტომ, სტრასბურგის სასამართლომ თქვა: არ ვაჩერებ ამ კანონის მოქმედებას. კანონი არსებობს, ყველა დაემორჩილოს ამ კანონს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.