შალვა პაპუაშვილი: უახლოეს მომავალში მოხარული ვიქნებით, მივიღოთ ინდოეთის ელჩი თბილისში, როგორც რეზიდენტი ელჩი

შალვა პაპუაშვილი

უახლოეს მომავალში მოხარული ვიქნებით, მივიღოთ ინდოეთის ელჩი თბილისში, როგორც რეზიდენტი ელჩი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ინდოეთმა შარშან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია, რომ პირველად ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში ინდოეთს ეყოლება რეზიდენტი ელჩი საქართველოში. დღეს გვქონდა მათ შორის, ამაზე საუბარი, ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით. პროცედურა უკვე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში მოხარული ვიქნებით, მივიღოთ ინდოეთის ელჩი თბილისში, როგორც რეზიდენტი ელჩი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობის დინამიკას.

„ცოტა ხანში საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართება საგარეო პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი. მნიშვნელოვანი არის როგორც ვიზალიბერალიზაციის მიმართულება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მუშაობა.

ვისაუბრეთ იმ პოტენციალზე, რომელიც საქართველოს, რეგიონს, შუა დერეფანს აქვს ინდოეთისთვის, მათ შორის ინვესტიციების მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც საქართველოში ნამყოფია, გვქონდა ძალიან მეგობრული გასვლა”, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.