რევაზ სოხაძე თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

რევაზ სოხაძე

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, აბდულკადირ ურალოღლუსთან.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს თურქეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობას, რაც ორი მეზობელი ქვეყნის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. განიხილეს უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და პერსპექტივები, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის გამოცდილების გაზიარება.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა საქართველოს მადლობა გადაუხადა თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედროების სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისას გამოხატული გულწრფელი თანადგომისთვის. მისივე თქმით, ხალხთა შორის მეგობრობა და ძმობა სწორედ ასეთ რთულ ვითარებაში ჩანს.

აბდულკადირ ურალოღლუმ აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვთ და ორივე ქვეყანა შუა დერეფანში საკვანძო როლს ასრულებს. მზარდია სავაჭრო ურთიერთობაც. მან გამოთქვა კმაყოფილება იმაზე, რომ საქართველოს დელეგაციამ ადგილზე მოინახულა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, გამოხატა სურვილი და მზადყოფნა ორი სამინისტროს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ერთობლივი, ორმხრივი განვითარებისათვის საჭირო პროექტების განხორციელების მიმართულებით.

თავის მხრივ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მადლობა გადაუხადა კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვისმდა ინფრასტრუქტურული ობიექტების ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობისთვის. როგორც მან აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მხოლოდ კეთილმეზობლობა არ არის - ეს არის მეგობრობაზე დაფუძნებული კავშირი. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის მხარე აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს სამინისტროს გამოცდილების გაზიარების კუთხით, რაც საქართველოსთვის სასარგებლო იქნება.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს ერთობლივი პროექტების განხორციელების მკაფიო პერსპექტივა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. „ჩვენი მონდომებით და ორმხრივი სურვილით შეიძლება ძალიან ბევრი კარგი საქმე ვაკეთოთ როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემშეხვედრას თურქეთის მინისტრთან ესწრებოდნენ ინფრატსრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიზე და მისი მოადგილეები.