ნიკოლოზ სამხარაძე: უცნაურია, ხან ზურაბიშვილი, ხან გახარია მკვლევარებად გვევლინებიან, რაც არის კანონმდებლობის დარღვევა, ქართველ პოლიტიკოსებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღების უფლება არ აქვთ

ნიკოლოზ სამხარაძე

საინტერესოა, რომ მიყოლებით, ხან ზურაბიშვილი, ხან გახარია მკვლევარებად მოგვევლინებიან, რაც უცნაურია, რადგან ეს ადამიანები ამბობენ, რომ ქართულ პოლიტიკაში რჩებიან და ქართველი პოლიტიკოსები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის კანონმდებლობის დარღვევა, რადგან ქართველ პოლიტიკოსებს უფლება არ აქვთ, დაფინანსება უცხოეთიდან მიიღონ.

„მათ სურთ, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და ამავე დროს, უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში არიან გაფორმებულები მკვლევარებად. არ ვიცი, ეს რამდენად შეესაბამება ყველაზე მარტივ გამჭვირვალობის ან უცხოური წყაროებიდან დაფინანსების არ მიღების ტესტს, რაც ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსისთვის აკრძალულია. ეს ადამიანები თუ ამბობენ, რომ პოლიტიკაში არ არიან, კი ბატონო, მაგრამ გახარია-ზურაბიშვილისგან მსგავსი განცხადება არ მოგვისმენია. ეს არის კანონმდებლობის დარღვევა, რადგან ქართველ პოლიტიკოსებს უფლება არ აქვთ, დაფინანსება უცხოეთიდან მიიღონ“, – განაცხადა სამხარაძემ.