მიხეილ ყაველაშვილი: სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი“, თავს აძლევს უფლებას, გადაუმოწმებელი ინფორმაციით დააზიანოს ჩვენი ქვეყანა

მიხეილ ყაველაშვილი

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი“, თავს აძლევს უფლებას, ბოლომდე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, სამწუხაროდ, მისთვის ეს არ არის ახალი.

„სულ ახლახან იყო აშშ-ის პრეზიდენტის საჩივარი „ბიბისთან“ მიმართებით. ტრამპზე იყო დეზინფორმაციული მასალა და „ბიბისის“ მოუხდა ხელმძღვანელობის შეცვლა. პარალელს გავავლებ, არაფერი განსხვავებული არ ხდება, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდებოდა. გახსოვთ, „ბიბისიც“, „სიენენიც“, ყველა მედიასაშუალება, მათი ლობისტური კომპანიების საშუალებით, დაიქირავეს სამედიცინო ექსპერტები, როგორი ბუმი იყო ატეხილი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება წამლავს მიხეილ სააკაშვილს. ისიც კი იკადრეს, რომ პოლონეთიდან ჩამოსულ ექიმებს, ასე ვთქვათ ქურდულად უნდოდათ, თავისი ფეხსაცმლით გაეტანათ ანალიზი, რომ შემდეგ გაეკეთებინათ ყალბი ცნობები, თითქოს მართლა აწამებს ქართული სახელმწიფო. გახსოვთ, მთელი რადიკალური ფრთის მოთქმა, რომ დღეს თუ არ უშველით სააკაშვილს, ხვალ ის გარდაიცვლება და ა.შ. ვინმემ ბოდიში მოიხადა? 27 ელჩის პროტესტი გვახსოვს, მაშინდელ იუსტიციის მინისტრთან როცა ბრძანდებოდნენ, საჯარო პროტესტი გამოაცხადეს სააკაშვილის გათავისუფლებაზე, თითქოს მძიმე მდგომარეობაში იყო და აწამებდა ჩვენი ხელისუფლება. შემდეგ სტრასბურგმა ეს ყველაფერი უარყო და დაამტკიცა, რომ არც არაფერი სჭირდა, მშვენივრადაც გამოიყურება და ბრძოლის ჟინით არის გამსჭვალული ყოფილი პრეზიდენტი. ვხედავთ, რა ხდება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად მისი პასუხებისა, მთავარია გამოძიება.

„კონსტანტინე ჩახუნაშვილის საშუალებით ააგო „ბიბისიმ“ ფილმი. დღეს ეს ადამიანი ამბობს, რომ იმ ნივთიერებაზე საერთოდ არ საუბრობდა. დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სრულყოფილად იქნას გამოძიებული. ქილიკის საგანია ხოლმე, ვინ დგას ამ ძალების უკან. როგორ ხდება, რომ სინქრონულად, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები ერთ ხმაში საუბრობენ, არც ერთს არ დაუსვამს კითხვა არც გამოძიებაზე, არც იმაზე, სიმართლეა, თუ არ არის სიმართლე, პირდაპირ იწყებენ შეტევას სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.