მაია ბითაძე BBC-ის სტატიაზე: საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე - ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა

მაია ბითაძე

გუშინდელი დღიდან კიდევ ერთხელ მოწმე ვართ იმისა, თუ რამხელა მასშტაბის და რამხელა აბსურდული კამპანია მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ „დღის ქრონიკაში BBC-ის სტატიასთან დაკავშირებით.​

„ეს არის მიზანმიმართულად დაგეგმილი და ე.წ. ელისაშვილის საქმის გადასაფარად გამოყენებული ინსტრუმენტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი არის, რომ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია შეილახოს და მეორე მხრივ, დამატებითი აჟიოტაჟი გამოიწვიოს ამ საკითხმა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. უფრო აბსურდულად შეიძლება შეფასდეს ეს საკითხი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ევროკავშირის სპიკერიდან ვისმენთ თურმე ერთი მხრივ შეშფოთებას და მეორე მხრივ გამოძიების მოთხოვნას. ამის საპასუხოდ, ბუნებრივია ის რეაქცია, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან არ დაყოვნდა და გაჟღერდა გამოძების დაწყებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, საქართველო აუცილებლად დაიცავს საკუთარ ინტერესებს საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე და პასუხის მოსთხოვს ინფორმაციის გამავრცელებელს ამ დიდი, რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის.

„ეს იქნება უპრეცედენტო სასამართლო დავა, სადაც საქართველო შეეცდება საკუთარი ინტერესები დაიცვას. არ შეიძლება ასეთი ბრალდების გაჟღერება ასეთი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო დაფარვით და ამაზე ახალი დღის წესრიგის აგება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი სუსში დაიბარეს.