ლუბოშ ბლაჰა: მოლდოვა მრავალმხრივ არადემოკრატიულია, საქართველოში კი დემოკრატიული პრობლემები არ არის. იმის თქმა, რომ საქართველო ცუდია, მოლდოვა კი კარგი - არ არის სამართლიანი. მათ სურთ, რომ ვასალები ჰყავდეთ

ლუბოშ ბლაჰა

მოლდოვა არის სახელმწიფო, რომელიც მრავალმხრივ არადემოკრატიულია - მეორე მხრივ, კი საქართველოში დემოკრატიული პრობლემები არ არის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ და აღნიშნა, რომ არასამართლიანია იმაზე საუბარი, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, ხოლო მოლდოვა დემოკრატიულად განვითარებულია.

მისივე თქმით, ევროკავშირი და მისი აქტივისტები ცდილობენ საქართველოში ქაოსის შემოტანას.

„ზოგადად ევროკავშირი ძალიან ააგრესიულია საქართველოსთან მიმართებით, რადგან ცდილობს თქვენთან მთავრობის შეცვლას. მე აბსოლუტურად ვეწინააღმდეგები ამ პოლიტიკას. მათი მიდგომა არის თავხედური, შოვინისტური და ნეოკოლონიალური პოზიცია. ვხედავთ რომ ევროკავშირი ამ პრაქტიკას მრავალ სხვა შემთხვევაშიც მიმართავს, საქართველო გამონაკლისი არ არის. ევროპის კონტინენტზე ომის სრული ისტერიაა ახლა და სრული სიგიჟეა. ამ ვითარებაში უმჯობესია ამ პროცესების გარეთ ყოფნა. მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი შეიცვლება, რადგან ეს ნორმალური მომავლის ერთადერთი შანსია. თუ ასე გააგრძელებს, ეს ევროკავშირისთვის ძალიან სახიფათოა. ნამდვილად უსამართლობაა.

მოლდოვა არის სახელმწიფო, რომელიც მრავალმხრივ არადემოკრატიულია. ვხედავთ, რომ მოლდოვაში ხალხს ოპოზიციისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცათ არჩევნებზე. მიმდინარეობს ოპოზიციის დევნა და ამ დროს ამ ანგარიშებში მოლდოვას ტაშს უკრავენ და ამბობენ, რომ იქ დემოკრატიის პროგრესია. მეორე მხრივ, კი საქართველოში დემოკრატიული პრობლემები არ არის. ევროკავშირი და მისი აქტივისტები ცდილობენ თქვენს ქვეყანაში ქაოსის შემოტანას, მაიდანის მოწყობას. მთელი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლური წრეებიდან ფინანსდებიან, საქართველოში არეულობის მოწყობას ცდილობენ. ამ დროს კი იმის თქმა, რომ საქართველო ცუდია, მოლდოვა კი კარგი - არ არის სამართლიანი. მათ სურთ ჰყავდეთ მსახური პარტნიორები, ვასალები. ევროკავშირის არაერთ წრეში საქართველო გმირ სახელმწიფოდ ითვლება, რადგან თქვენ ცდილობთ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას. ისინი კი მტრად მიიჩნევენ ყველას, ვინც ომს ეწინააღმდეგება. ეს არ არის კარგი საფუძველი მოლაპარაკებებისთვის. ასე რომ იყავით ფრთხილად და გამოიჩინეთ მოთმინება“, - განაცხადა ლუბოშ ბლაჰამ.