ლევან ჟორჟოლიანი: მნიშვნელოვანია, ბიზნესის ყველა წარმომადგენელს ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს სამართლიანი თამაშის წესები, არ ხდება მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა და პრივილეგიების მინიჭება

ლევან ჟორჟოლიანი

ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელი აბსოლუტურად ქართული ნოუჰაუა, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას და არც კანდიდატ ქვეყნებს არ აქვთ ასეთი ელექტრონული მოდელი, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის“ ეთერში.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, შესყიდვების მიმართულებით, წლების განმავლობაში იყო პრობლემა არასწორი პრაქტიკები.

„ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც არის პრემიერ-მინისტრის დავალება ყველა სამთავრობო სტრუქტურის მიმართ, გამონაკლისს არც შესყიდვები წარმოადგენს. შესყიდვები არის ის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიზნესთან ურთიერთობასთან, ეკონომიკურ ზრდასთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ყველა წარმომადგენელს ჰქონდეს იმის განცდა, რომ არსებობს სამართლიანი თამაშის წესები, რომ პროცესი არის ინკლუზიური, რომ არავის ვტოვებთ და არ ხდება რაღაც მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა, პრივილეგიების მინიჭება და ა.შ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბაზარი და ურთიერთობები იყოს ჯანსაღი“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო შესყიდვის პირველ ეტაპს ბაზრის კვლევა წარმოადგენს და არსებობდა სამწუხარო პრაქტიკა, როდესაც ბაზრის კვლევა 2-3 კომპანიასთან ტარდებოდა.

„ეს კომპანიები შეიძლება, ერთი კაცისაც ყოფილიყო. ხდებოდა ხელოვნურად ფასების გაზრდა. ასევე ბევრი მომწოდებელი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდა და ისინი ხელოვნურად იყოფდნენ ბაზარს. თუ იცოდნენ მაგალითად, რომ რაღაც X რაოდენობის საქონელს ყიდულობს ესა თუ ის საჯარო უწყება წლიდან წლამდე, მაგალითად, კომპიუტერებს ან რამე სხვას, ბაზრის კვლევაში აწვდიდნენ გაზრდილ ფასებს. შემდეგ ვხედავდით, რომ შემოდიოდა მარტო ერთი ან ორი კომპანია, როდესაც ბაზარზე არის 20 და მეტიც. ეს მიუთითებს იმასაც, რომ გარკვეული კოორდინაცია ალბათ არსებობდა, მათ შორის შემსყიდველსა და მომწოდებელს შორის, რაც ასევე დაუშვებელია. ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული აბსოლუტურად ქართული ნოუჰაუა, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ აქვს, შესაბამისად, არც კანდიდატ ქვეყნებს არ აქვთ ასეთი ელექტრონული მოდული. ბევრ ქვეყანას აქვს ელექტრონული შესყიდვების მოდული, ეს ჩვენთანაც ასე იყო წლების განმავლობაში, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ ბაზრის კვლევას, ეს არის აბსოლუტურად ქართული ნოუჰაუ“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა