1761851455
კარგად იყო საქართველო წარმოჩენილი სამარყანდში ჩატარებული იუნესკო-ს კონფერენციის ფარგლებში. ასევე, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რასაც ვხედავთ, რომ იუნესკო-ს ფარგლებში, შესაძლოა, იყოს თანამშრომლობის ფოკუსში - მაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, უზბეკეთში ვიზიტი დაასრულა. იუნესკო-ს გენერალური ასამბლეის 43-ე სესიაში მონაწილეობა და სამარყანდში გამართული შეხვედრები, საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან შეაჯამა.
მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა იუნესკო-ს გენერალურ მდივანთან, უნგრელ, აზერბაიჯანელ და უზბეკ კოლეგებთან. საქართველოს პირველმა დიპლომატმა იუნესკო-ს კონფერენციის მეორე სამუშაო დღე გახსნა და პოლიტიკურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, ტრიბუნა აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენა. გაიმართა ანსამბლ "ბასიანის" კონცერტი, გაიხსნა ქართული კუთხეც. იუნესკო-ს 43-ე სესიას ორგანიზაციის წევრი 194 ქვეყნის 3 000-ზე მეტი დელეგატი დაესწრო.
"ქართული სიმღერა, ქართული პოლიფონია, ქართული ღვინის დაყენების ტრადიციები – საკმაოდ კარგად იყო საქართველო წარმოჩენილი სამარყანდში ჩატარებული იუნესკო-ს კონფერენციის ფარგლებში. ასევე, ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ იუნესკო-ს ფარგლებში, შესაძლოა, იყოს ჩვენი თანამშრომლობის და მუშაობის ფოკუსში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა მიმართული იყოს მსოფლიოში მშვიდობისა და თანამშრომლობის განმტკიცებისკენ. ეს ჩვენთვის აქტუალურია და რა თქმა უნდა, როდესაც იუნესკო-ზეა საუბარი, მთავარი მიმართულებები, რომლითაც უნდა წარიმართოს ჩვენი მუშაობა ამ ორგანიზაციაში, შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განათლებას", – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.











