გიორგი შარაშიძე: „ბიბისის“ სიუჟეტის საკითხზე საერთაშორისო გამოძიების საფუძველი არსებობს, ეს გამოძიება რომ საქართველოში ვერ ჩატარდება, გასაგებია

გიორგი შარაშიძე

ჩვენ დეტალებში ნამდვილად ვერ შევალთ, ვიდრე არ ჩატარდება საერთაშორისო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, რაც არ უნდა კითხვის ნიშნები გაჩნდეს BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, იმაზე მაინც უნდა შევთანხმდეთ, რომ საერთაშორისო გამოძიების დაწყების და ჩატარების საფუძველი არის, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების არჩატარების შემთხვევაში მუდმივად კითხვები გვექნება.

„კითხვები, რომ არსებობს, ესეც სამართლიანი და გონივრულია, ამაში გასაკვირი არაფერია. ეს გამოძიება რომ საქართველოში ვერ ჩატარდება და თავის თავს ვერ გამოიძიებენ, გასაგებია. „ქართულმა ოცნებამ“ თავად გადაწყვიტოს, ვის უჩივლებს. „ქართული ოცნება“ მხოლოდ და მხოლოდ თავის გამართლებას ეცდება. თუ BBC-ის არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე უჩივის, მაშინ რაც ამ დავამ შეიძლება გამოიწვიოს ერთადერთი არის ის, რომ კონკრეტულ საკითხში BBC ან გამართლდეს ან არა, მაგრამ მთლიანობაში საზოგადოება ხომ სიმართლეს ვერ გაიგებს. იმასაც კარგად ხედავს ხალხი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები როგორ ისტერიკაში არიან. ვიდრე ვინმეს დანაშაულზე ვისაუბრებთ, საერთაშორისო გამოძიების ჩატარება უნდა მოვითხოვოთ“, – განაცხადა შარაშიძემ.