გიორგი ჩაკვეტაძე შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებზე: 20-30 ადამიანი უკვე 1 წელიწადია რაც ქაოსსა და აჟიოტაჟს ნერგავს - ეს ყველაფერი დარეგულირდება

გიორგი ჩაკვეტაძე

როდესაც არ არის მოქალაქეების რაოდენობა იმდენი, რომ მათ გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი, სადაც ავტომობილები გადაადგილდებიან, ან გადაკეტონ წინასწარი შეტყობინების გარეშე მაგალითად ტროტუარი და მოქალაქეებს არ მისცენ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ ტროტუარზე, ეს ყველაფერი დარეგულირდება, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

ჩაკვეტაძის თქმით, რადიკალურად განწყობილი 20-30 ადამიანი უკვე 1 წელიწადია რაც ქაოსსა და აჟიოტაჟს ნერგავს. მისივე თქმით, შეკრების ორგანიზატორებს ვალდებულება ექნებათ ღონისძიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილონ მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად.

„რეალურად იცვლება განცხადების მიმართვის ადრესატი, მუნიციპალიტეტის მაგივრად ხდება შინაგან საქმეთა სამინისტრო. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მთავარი მარეგულირებელი ორგანიზაცია არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ლოგიკური ცვლილებებია. ამას ჩვენი მხრიდან ექნება მხარდაჭერა“, - აცხადებს ჩაკვეტაძე.

შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე, დღეს პარლამენტში იმსჯელებენ.