განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა

განათლების კომიტეტი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა.

მომხსენებლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის ინფორმაციით, 2025 წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეორგანიზდა და ორი დამოუკიდებელი სამინისტრო ჩამოყალიბდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო.

ცვლილებების თანახმად, იცვლება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრის“ დასახელება და ფორმულირდება როგორც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრი“. ასევე, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარების კომპონენტში, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს“ ნაცვლად მიეთითება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო“.

კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებას მხარი დაუჭირა.