1-ელი იანვრიდან ახალი კანონი შედის ძალაში! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1765052183
მიზანმიმართული დეზინფორმაცია, ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად - ასეთია შეფასება მმართველ გუნდში BBC-ის მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით.
გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა 93 მოწმე, მაგრამ ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომელიც უკრაინაში იმყოფება. მის მიმართ, სუს-ში ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ერთ-ერთ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს. საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა 4 ოქტომბრის მოვლენების პარალელურად.
გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომ უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად.
ლაშა შერგელაშვილზე შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის შეფასებით, მისი ამჟამინდელი სამსახური შესაძლოა ბევრ კითხვას სცემდეს პასუხს.
"BBC-ის დოკუმენტურ ფილმში მონაწილე რესპონდენტები ისედაც ვიცოდით, რომ მიკერძოებულები და კონკრეტული მხარის წარმომადგენლები იყვნენ. ამ შემთხვევაში ლაშა შერგელაშვილთან დაკავშირებით, ფაქტია, რომ ეს ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელია, რომელიც ახლა დასაქმებულია უკრაინულ სპეცსამსახურებში და ეს, შესაძლოა, ბევრ რაღაცას გვეუბნება.
ეს ყველაფერი გვიდასტურებს, რომ შიდა აგენტურის მეშვეობით, უცხოურმა ძალებმა, სამწუხაროდ, BBC-ის გავრცობით გააკეთეს სერიოზული დარტყმა საქართველოზე, თუმცა, რა თქმა უნდა, სუს-ის გამოძიება გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ საპასუხო რეაქცია მივცეთ, მათ შორის, ვუჩივლოთ BBC-ის იმ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ გაურკვეველია რისთვის სჭირდებოდათ," - განაცხადა ნინო წილოსანმა.