ესპანეთი და პორტუგალია, ეს ორი ქვეყანა მკაფიოდ მხარს უჭერს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი პორტუგალიაში და მხარდამჭერი გზავნილები ლისაბონიდან - ქართული მხარე ვიზიტის შედეგებს აჯამებს. ქვეყნის პირველი კანონმდებელი იმედს გამოთქვამს, რომ მხარდაჭერა, რომელიც შეხვედრებზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ გამოითქვა, უზრუნველყოფს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, დელეგაციის ვიზიტი ესპანეთის სამეფოსა და პორტუგალიაში იყო დროული და მნიშვნელოვანი.

"საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იყო უპირველეს ყოვლისა დროული და შინაარსობრივად მნიშვნელოვანი. ესპანეთი და პორტუგალია - ეს ორი ქვეყანა არის, რომელიც მკაფიოდ მხარს უჭერს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ეს მხარდაჭერა ჩვენ მრავალჯერ მოვისმინეთ ორივე ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთი რომელიც უნდა გახდეს მომავალი წლის მეორე ნახევარი თავმჯდომარე ქვეყანა ევროკავშირში, იქნება ჩვენი უპირობო მხარდამჭერი ამ გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ პორტუგალია, რომელმაც თავადაც გრძელი გზა  გაიარა იმისთვის, რომ გაწევრიანებულიყო ამ ევროპულ ოჯახში, იქნება ჩვენი მხარდამჭერი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ორი ქვეყნის მხარდაჭერა  უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში პოზიტიურ  გადაწყვეტილებას საქართველოს მიმართ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეების" წევრმა, ლევან იოსელიანმა.

"საქართველო ჯიუტად ერთგულობს დასავლურ ღირებულებებს, დასავლურ გზაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე მინდა ჩემი მხრიდან ყველას ვთხოვო, ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებსაც, რომ ამაზე გაამახვილონ ყურადღება, რომ საქართველო, მთელი ბოლო 30 წლის მანძილზე, მიუხედავად ამდენი განსაცდელისა, რამდენად ერთგულია დასავლეთის, იმიტომ რომ მიგვაჩნია შინაგანად რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ვბრუნდებით იქ, სადაც იყო ჩვენი ადგილი ევროპაში," - აცხადებს ლევან იოსელიანი.