1763135537
დავით მათიკაშვილი პეტერ ფიშერზე: ჩამოსული არ იყო ეს ადამიანი, რომ დასცინა სრულიად საქართველოს მაშინ, როდესაც მისი აქტიური ნაბიჯი იყო რუსთაველის გამზირზე გასვლა და აქტიური ფოტოსესია შიდატერორისტებთან
ჩამოსული არ იყო ეს ადამიანი, რომ დასცინა სრულიად საქართველოს მაშინ, როდესაც მისი აქტიური ნაბიჯი იყო რუსთაველის გამზირზე გასვლა და აქტიური ფოტოსესია შიდატერორისტებთან, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ფიშერის დაბრუნებას წინ უძღოდა ქართულ მხარესთან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონსულტაცია.
„[წინ უძღოდა] პირობა, რომ პეტერ ფიშერი თავს შეიკავებდა ანტიქართული, რადიკალური ნაბიჯებისგან, როგორსაც ის სჩადიოდა მანამდე და იქნებოდა გამიჯნული რადიკალიზმის და შიდატერორიზმის პროცესებისგან. ჩამოსული არ იყო ეს ადამიანი, რომ დასცინა სრულიად საქართველოს მაშინ, როდესაც მისი ასეთი აქტიური ნაბიჯი იყო რუსთაველის გამზირზე გასვლა და აქტიური ფოტოსესია შიდატერორისტებთან, იმ ადამიანებთან, ვინც სიძულვილს ვერ მალავს საქართველოსადმი, ქართული ეკლესიისადმი. პატრიარქისა და მისი მოსაყდრისადმი და ასე შემდეგ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ „დიფ სთეითიდან“ ხდება კონკრეტული დავალებების მიცემა კონკრეტული პიროვნებისთვის და არ აქვს მნიშვნელობა, ეს პეტერ ფიშერი იქნება თუ სხვა გვარის ადამიანი.
„ამიტომ ამ მოვლენამ დიდი ვნებათა ღელვა, ჩვენი საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ უკვე ისმის ქვეყნიდან ელჩის გაძევების მოთხოვნაც. თუმცა, ჩვენ არ უნდა ავყვეთ „დიფ სთეითის“ პროვოკაციებს, რომლებზეც პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა და ამ მესიჯის ლაიტმოტივი იყო, რომ ცდილობენ ევროკავშირიდან, „დიფ სთეითი“ ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაგრძელებაზე ხელი ჩაგვაქნევინოს, მაგრამ ამ პროვოკაციას ჩვენ არ ავყვებით.
თუ პეტერ ფიშერი იქნება გაძევებული, არ არის გამორიცხული, რომ მასზე ბევრად აგრესიულად განწყობილი ელჩი მოევლინოს გერმანიიდან საქართველოს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხებს და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა, ის მრავალწლიანი ურთიერთობა, რაც საქართველოს და გერმანიას გააჩნიათ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
გერმანიიდან დაბრუნებული ელჩი ფიშერი კვლავ აქციაზე მივიდა და რადიკალურ დაჯგუფებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
გერმანიამ პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის ოქტომბერში გაიწვია. ელჩი თბილისში 6 ნოემბერს დაბრუნდა.










