დავით მათიკაშვილი გიორგი გახარიას „ჰერტის სკოლის“ სტიპენდიატობაზე: შეიძლება ამას მარტივად დავარქვათ აგენტის დაფინანსების ფორმის მოძიება

დავით მათიკაშვილი

გიორგი გახარია როგორი „წარჩინებული მკვლევარიც“ არის, კარგად გამოჩნდა გუნდიდან მისი გაქცევის და გუნდის ღალატის მომენტში, კარგად გამოჩნდა იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც მძიმე ბრალი აქვს წაყენებული, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გიორგი გახარიას „ჰერტის სკოლის“ სტიპენდიატობასთან დაკავშირებით.

დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ჩანს გარე პატრონებს გიორგი გახარიაც ისევე სჭირდებათ, როგორც სალომე ზურაბიშვილი.

„შეიძლება ამას მარტივად დავარქვათ აგენტის დაფინანსების ფორმის მოძიება. ეს არის ერთი - ერთში იმის მაგალითი, რაც სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით იყო. „დიფ სთეითმა“, ჩათვალა, რომ ისინი კიდევ არიან საჭირო მათი აგენტურისთვის, ხდება მათი ფინანსებით უზრუნველყოფის კონკრეტული პროგრამის შედგენა და ამ პროგრამაში ჩართვა. თავის დროზე ჩართეს სალომე ზურაბიშვილი და დღეს - გიორგი გახარია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის შემდეგ უცხოელმა პატრონებმა ამჯერად ორ მძიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული და ქვეყნიდან გაქცეული გახარია დაასაქმეს.

გახარია ზურაბიშვილის მსგავსად სტიპენდიატი გახდა, ოღონდ „ჰერტის სკოლის“. სკოლის ვებ-გვერდზე გახარიას შესახებ ინფორმაცია უკვე ატვირთულია. ყოფილი პრემიერის ბიოგრაფიაში წერია, რომ ის არის გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც საქართველოში წარმატებული პოლიტიკური კარიერა ჰქონდა.