დავით მათიკაშვილი: ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც დღენიადაგ არის მცდელობა, აღქმების საფუძველზე ჩამოაყალიბონ კონკრეტული შეხედულება მოვლენებისა თუ ქვეყნების მიმართ - რეალურ ფაქტებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

დავით მათიკაშვილი

ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც დღენიადაგ არის მცდელობა, აღქმების საფუძველზე ჩამოაყალიბონ კონკრეტული შეხედულება მოვლენებისა თუ ქვეყნების მიმართ და რეალურ ფაქტებს, რომელიც მტკიცებულებებით მყარდება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს მისამართით გამოტანილ ევრორეზოლუციებზე საუბრისას.

მისივე თქმით, მთავარია, საზოგადოებაში აღქმა შეიქმნას, რეალურ ფაქტებს კი მნიშვნელობა არ აქვს. მან აღნიშნულის მაგალითად პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ე.წ. წამებისა და არაადამინურ მოპყრობასთან დაკავშირებით კამპანია გაიხსენა.

„კონკრეტულად ერთ-ერთ ქვეყანას ვგულისხმობ - ახლა კი ცდილობენ ისევ მეგობრულ მოცემულობაში გადმოიტანონ ურთიერთობა, მაგრამ გამობრძანებული იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და ხელში ეჭირა სააკაშვილის სურათი და თურმე ქართული მართლმსაჯულება როგორ აწამებს ყოფილ პრეზიდენტს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, შემდეგ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებითაც გაირკვა, რომ არავინ არავის აწამებდა.

„მთავარი იყო, იმის აღქმა გაჩენილიყო, მესიჯი გახმოვანებულიყო და სად თუ არა ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელსაც შემდგომ უკვე დღენიადაგ გაიმეორებდნენ და არგუმენტად გამოიყენებდა სხვადასხვა ძალა, როდესაც ეს დასჭირდებოდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ანალოგიურ მაგალითად მან დაასახელა ასევე ე.წ. მოსკოვის მექანიზმი, რომლის 100 გვერდზე მეტი მოცულობის დოკუმენტი ექსპერტმა დღე-ნახევარში „მოამზადა“.