ყოფილი ევროკომისარი, ფედერიკა მოგერინი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ფედერიკა მოგერინი

ბელგიის პოლიციის მიერ კორუფციის საქმეზე დაკავებულ სამ პირს შორის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისიის მაღალჩინოსანი, სტეფანო სანინო არიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.

სტეფანო სანინო მოგერინის უმაღლეს წამომადგენლად მუშაობის დროს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა. ამჟამად ის ევროკომისიაში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებს.

მანამდე „ევროაქტივმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და ბრიუგეში მდებარე „ევროპის კოლეჯში“, ასევე რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა ევროკავშირის ფონდების, სავარაუდოდ, არამიზნობრივად გამოყენების საქმის გამოძიების ფარგლებში.

მედიასაშუალების ცნობით, საქმე ეხება ბრიუგეს ახალგაზრდა დიპლომატთა აკადემიის დაფინანსებას.

ფედერიკა მოგერინი 2020 წლიდან „ევროპის კოლეჯის“ რექტორია. ის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს 2014-2019 წლებში იკავებდა, 2022 წლის შემდეგ ის იყო ბრიუგეს დიპლომატიური აკადემიის დირექტორი.

„ევროაქტივის“ ცნობით, დაკავებულებს შორის „ევროპის კოლეჯის“ კიდევ ერთი თანამშრომელია. მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ამოიღო დოკუმენტები და დააკავეს სამი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობაში, კორუფციასა და ინტერესთა კონფლიქტში. თვითმხილველების თქმით, სამართალდამცველები ევროკავშირის საგარეო უწყებაში დღეს, გამთენიისას მივიდნენ. ევროკომისიაში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის შენობაში ჩხრეკას ადასტურებენ.