ტრამპი: ვალდებული ვარ, „ბიბისის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები გავაგრძელო, მათ საზოგადოება მოატყუეს და ეს აღიარეს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, თავს ვალდებულად თვლის, „ბიბისის“ უჩივლოს.

„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ „ბიბისიმ“ 2021 წლის 6 იანვრის მისი გამოსვლა დაამონტაჟა და მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.

„ალბათ უნდა გავაგრძელო სარჩელი. იცით, რატომაც არა? საზოგადოება მოატყუეს და ეს აღიარეს. შეცვალეს ჩემი 6 იანვრის გამოსვლა, რომელიც იყო მშვენიერი, ძალიან დამამშვიდებელი და ისე გააკეთეს, რომ რადიკალურად ჟღერდა. რეალურად შეცვალეს. წარმოუდგენელი რამ გააკეთეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა სამართლებრივ ქმედებებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, „ვფიქრობ, ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო“.

„ბიბისი“ წერს, რომ დონალდ ტრამპის ადვოკატებმა წერილი გაუგზავნეს, სადაც ნათქვამია, რომ კორპორაცია ბოდიშს თუ არ მოიხდის და კომპენსაციას არ გადაიხდის, ერთი მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვენ.

„ბიბისის“ პასუხის გასაცემად ვადა 14 ნოემბრამდე, ადგილობრივი დროით 22:00 საათამდე აქვს. „ბიბისიში“ განაცხადეს, რომ პასუხს დადგენილ ვადაში გასცემენ.

ცნობისთვის, „ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს. ფილმში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული.