1764853610
პიტერ სიიარტო: გარე ზეწოლის წინააღმდეგ რუსეთმა და უნგრეთმა ერთად უნდა იმუშაონ
გარე ზეწოლის წინააღმდეგ რუსეთმა და უნგრეთმა ერთად უნდა იმუშაონ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მოსკოვში რუსეთ-უნგრეთის სამთავრობათაშორისო კომისიის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
რუსული მედიის ინფორმაციით, სიიარტო მოსკოვში იმყოფება, რათა რუს კოლეგებთან ერთად სანქციების შემდგომ პერიოდში თანამშრომლობის საკითხები განიხილონ.
„პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და მტკიცედ გავუწიოთ წინააღმდეგობა ჩვენზე განხორციელებულ ზეწოლას. და მრავალწლიანი შეფერხების შემდეგ, საბოლოოდ უნდა მივაღწიოთ გარღვევას ჩვენი თანამშრომლობის მაჩვენებლების გასაზრდელად“, – განაცხადა სიიარტომ.
რუსეთ-უნგრეთის სამთავრობათაშორისო კომისიის შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ. მისი თქმით, მოსკოვი უნგრეთი დაბალანსებულ პოლიტიკას აფასებს.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ უნგრეთის ხელმძღვანელობის დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც, ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად, ცდილობს პრაგმატული კურსის გატარებას და მტკიცედ დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები, მათ შორის, მოსკოვთან დიალოგში სუვერენული პოზიციის დაცვას“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, რუსეთ-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში სამთავრობათაშორისო კომისია (IGC) 2005 წელს რუსეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების მიზნით შეიქმნა. მის რუსულ ნაწილს რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო, ხოლო უნგრეთის ნაწილს – საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ხელმძღვანელობს.










