კაიროში დიდი ეგვიპტური მუზეუმი გაიხსნა

კაირო

 კაიროში დიდი ეგვიპტური მუზეუმი გაიხსნა, რომელშიც 100 ათასზე მეტი არტეფაქტია წარმოდგენილი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ეგვიპტის ყველაზე ამბიციური კულტურული პროექტია.

მუზეუმი კაიროს გარეუბანში, გიზის ცნობილი პირამიდების გვერდით არის განლაგებული. მისი თითქმის კილომეტრიანი ფასადი მინისა და ღია ფერის ქვიშაქვისგან არის დამზადებული. მის უკან დაახლოებით 500 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის შენობა-ნაგებობებია. ეს სივრცე საკმარისი აღმოჩნდა 100 ათასზე მეტი არტეფაქტის განსათავსებლად, რომლებიც ეგვიპტის ისტორიის შვიდ ათასწლეულს წარმოადგენენ - ფარაონების, ბერძნული და რომაული პერიოდების.

მუდმივი ექსპოზიციის მთავარი მარგალიტი ტუტანხამონის აკლდამაში აღმოჩენილი არტეფაქტების კოლექცია, რომელიც 5000-ზე მეტ ნივთს ითვლის. მათ შორისაა ფარაონის ოქროს ნიღაბი.

მუზეუმი ტურისტებისთვის 4 ნოემბრიდან გაიხსნება და ყოველდღიურად 9:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს. უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბილეთი 1 450 ეგვიპტური გირვანქა (≈ 83 ლარი) ეღირება.