ექსკლუზივი: თამუნა ამონაშვილი დედა გახდა - რა დაარქვა ტყუპებს მომღერალმა
1765308696
ჩვენც შეგვიძლია, ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია, მაგრამ ჩვენ ასე არ ვმუშაობთ, არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასის თქმით, აშშ-ის კრიტიკა ევროპის მიმართ არასწორია და ევროკავშირმა თვითდაჯერებულობა უნდა შეინარჩუნოს.
„რაც შეეხება აშშ-ის თავდასხმებს ევროპულ გზასა და სტრატეგიაზე, ვფიქრობ, ჩვენ უფრო თვითდაჯერებული უნდა ვიყოთ, რადგან ყველა ის საკითხი, რასაც ევროპის შესახებ კითხულობთ, არ არის სიმართლე. მეჩვენება, რომ ეს არის შექმნილი პროვოკაციისთვის, რათა ჩვენ რეაგირება მოვახდინოთ. ასევე იყო Financial Times-ის სტატია, რომელიც აჩვენებდა, რომ ის საკითხები, რასაც ისინი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აღნიშნავენ, ევროპაში არ არის უარესი, ვიდრე ამერიკაში“, – განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა კრიტიკამ, შეიძლება, გააღვივოს განხეთქილება, როგორც ევროკავშირსა და აშშ-ს, ასევე თავად ევროპულ ქვეყნებს შორის, კვლავ ევროპის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე უნდა იყოს ყურადღება გამახვილებული.
„პოლიტიკაში თუ ისეთ საკითხებზე იწყებ დებატებს, რომლებიც იცი, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ რეალურად იღებ ამას. ანუ, ჩვენ ვიცით, რომ ეს აბსურდია. ევროკავშირი თავისუფლების არსია. ამიტომ თავისუფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ასეთი კრიტიკა მიმართული უნდა იყოს სხვა მხარეს. შესაძლოა, რუსეთისკენ, სადაც განსხვავებული აზრი აკრძალულია, სადაც თავისუფალი მედია აკრძალულია, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სადაც X ან Twitter-ი, როგორც ჩვენ ვიცით, ფაქტობრივად, ასევე აკრძალულია. ჩვენც შეგვიძლია, ბევრი რამ მივუთითოთ, რაც აშშ-ში არასწორია, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მუშაობის მეთოდი. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“, – განაცხადა კალასმა.
კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა, ამის ნაცვლად, საკუთარი თავდაცვის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ამასთან, კალასის თქმით, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა, რათა ის რეალურ მოლაპარაკებებამდე მივიდეს. ამავდროულად, კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო ომის დაწყების პირველ თვეებში უკრაინას იმავე დონის სამხედრო დახმარებას თუ გაუწევდა, როგორსაც ახლა უწევს, შესაძლოა, განსხვავებული შედეგი ყოფილიყო.
კალასმა ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი წარმატებული სამშვიდობო გეგმა მოითხოვს ევროპის ერთიანობას.
„თქვენ შეგიძლიათ, შეთანხმდეთ ნებისმიერ რამეზე, მაგრამ ევროპელები ან უკრაინელები ამას თუ არ ეთანხმებიან, მაშინ ეს უბრალოდ არ იმუშავებს“, – აღნიშნა კაია კალასმა.