ბრაზილიის პრეზიდენტი ქვეყნის სასამართლო სისტემის საქმეებში აშშ-ის ჩარევას გმობს

სილვა

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა აშშ-ის ჩარევას ქვეყნის სასამართლო სისტემის საქმეებში გმობს. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაზარალდნენ აშშ-ის მთავრობის მიერ მიღებული სრულიად უსაფუძვლო ზომით.

„ერთი ქვეყნის ჩარევა მეორე ქვეყნის სასამართლო სისტემაში მიუღებელია და არღვევს ერებს შორის პატივისცემისა და სუვერენიტეტის ძირითად პრინციპებს. დარწმუნებული ვარ, ვინმეს მხრიდან ვერანაირი დაშინება ან მუქარა ვერ შეუშლის ხელს ეროვნული ხელისუფლებისა და ინსტიტუტების უმნიშვნელოვანეს მისიას, რომელიც დემოკრატიული კანონის უზენაესობის დასაცავად და შესანარჩუნებლად მუდმივი მოქმედებისკენაა მიმართული“, - განაცხადა ლულა და სილვამ.

ვაშინგტონმა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრ დე მორაესის, მისი ოჯახის წევრებისა და თანამოაზრეების ვიზები გააუქმა. მიზეზად დაასახელეს ბრაზილიის ყოფილი ლიდერის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ მათი მხრიდან საქმის წარმოება.

მანამდე ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე განაცხადა, რომ მისი მოკავშირე და ბრაზილიის ყოფილი ლიდერი, ჟაირ ბოლსონარუ პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და მოუწოდა, შეწყდეს „კუდიანებზე ნადირობა“.