ამერიკულ „ექსონ მობილს“ ერაყში მდებარე ნავთობის საბადოში რუსული „ლუკოილის“ საკონტროლო პაკეტის შეძენა სურს - REUTERS

ლუკოილი

ამერიკულ კომპანიას, „ექსონ მობილს“ ერაყში მდებარე ნავთობის საბადოში რუსული კომპანიის, „ლუკოილის“ საკონტროლო პაკეტის შეძენა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამერიკული კომპნიის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს შესაბამისი წინადადებით ერაყის ნავთობის სამინისტროს.

თავად „ექსონ მობილში“ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით კომენტარზე უარი განაცხადეს, ხოლო „ლუკოილმა“ სააგენტოს კითხვებს არ უპასუხა.

საუბარია ერაყში მდებარე ნავთობის საბადო „დასავლეთ კურნა-2“-ზე, რომელიც მსოფლიოში უდიდესია. ის „ლუკოილის“ ყველაზე ძვირად ღირებულ უცხოურ აქტივად ითვლება. ის პორტ ბასრადან 65 კილომეტრში მდებარეობს. ამ ნავთობის საბადოზე დღეში 480 ათასი ბარელი შავი ოქროს მოპოვება ხდება.

ცნობისთვის, 22 ოქტომბერს აშშ-მა სანქციები დაუწესა ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“, ასევე მათ შვილობილ კომპანიებს. მოგვიანებით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ლუკოილის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ამოქმედების ვადა 13 დეკემბრამდე გაახანგრძლივა, რათა კომპანიას მიეცეს დრო საზღვარგარეთ მდებარე აქტივების გაყიდვისთვის.

მანამდე ასევე ვრცელდებოდა ცნობები, რომ „ლუკოილის“ უცხოური აქტივების ყიდვით დაინტერესებულია კიდევ ერთი ამერიკული კომპანია „შევრონი“.