შავი მანქანის მძღოლმა თეთრს გამიზნულად დაარტყა! ვინ გეგმავდა იმიტირებულ ავარიებს - ბრალდებულების ვინაობა ცნობილია

კადრები

რუსთაველის მოედანზე დამონტაჟებულმა ქუჩის კამერამ ერთი შეხედვით შემთხვევითი ავარია გადაიღო. თუმცა ეს ჩვეულებრივი შეჯახება არ ყოფილა, შავი ავტომობილის მძღოლმა თეთრ ავტომობილს გამიზნულად დაარტყა.

„კურიერის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული კადრები 2025 წლის 26 ნოემბერს, ქალაქ რუსთავში, ცენტრალურ ქუჩაზეა გადაღებული. „კურიერის“ ინფორმაციით, თეთრ ავტომობილს ყაზახეთის მოქალაქე მართავდა. შეჯახების შედეგად მას 2300 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა, თუმცა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 600 დოლარს სთხოვდნენ. ამ ინციდენტმა სამართალდამცველები დანაშაულის კვალზე გაიყვანა, პოლიციამ თაღლითური სქემა გაშიფრა და სხვისი ნივთის დაზიანების, ასევე თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ვინაობა „კურიერისთვის“ ცნობილია. გელა ბერიძე და მამია ქარცივაძე საკუთარი მანქანებით სხვის ავტომობილებს ისე აზიანებდნენ, თითქოს დაზარალებულები თვითონ იყვნენ. გამოძიების ინფორმაციით, ისინი მსხვერპლი მძღოლების გარდა, სადაზღვევო კომპანიებსაც ატყუებდნენ.

სამართალდამცველებმა გამიზნული შეჯახების ათზე მეტი ფაქტი გამოავლინეს. თაღლითობის მსხვერპლიც ბევრია. ერთ-ერთს „კურიერი“ ესაუბრა.

დაზარალებულების ჩვენებებით და საგამოძიებო მოქმედებებით გაირკვა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების სამოქმედო არეალი ძირითადად ის ქუჩები იყო, სადაც სამეთვალყურეო კამერები ნაკლებად ან საერთოდ არ იყო დამონტაჟებული. დაკავებულ ბერიძეს და ქარცივაძეს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინათ.

დანაშაული, რომელსაც გამოძიება ახალგაზრდა მამაკაცებს ედავება, 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ახლა პოლიცია იმის დასადგენად მუშაობს, მონაწილეობდნენ თუ არა დანაშაულებრივ სქემაში სხვა პირებიც.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების პოზიცია ბრალთან დაკავშირებით უცნობია. „კურიერი“ მათ ინტერესების დამცველს დაუკავშირდა, თუმცა ადვოკატმა საქმის დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.