მედიკამენტების რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში გაყიდვა აიკრძალება

aptiaki

სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში იცვლება და მნიშვნელოვანი ხდება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონით მედიკამენტების რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში რეალიზაცია აიკრძალება.

კანონში შესატან ცვლილებაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იმსჯელა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის,  თამარ გაბუნიას განმარტებით, სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში ითვალისწინებს ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტიან ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

კანონი ქმნის ფარმაცევტული პროდუქტის ფასის რეგულირების სამართლებრივ საფუძველს.

„მინისტრი იქნება უფლებამოსილი: განსაზღვროს ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების წესი და პირობები; განსაზღვროს მედიკამენტები, რომლებზეც გავრცელდება ფასის სახელმწიფო რეგულირება და ასევე  განსაზღვროს ფასები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კანონპროექტი კრძალავს მედიკამენტების რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში რეალიზაციას და განსაზღვრავს აღნიშნულზე პასუხისმგებელ პირებს და ადმინისტრირების ზომებს; ადგენს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვალდებულებას, განახორციელოს ფასების ზედამხედველობა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.