„ტილიპუჭურას“, „ბაბაჭუას“, „ქოსების“ სახელით ცნობილი ტიფლისური დუქნები

დუქანი

ძველად, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე მდებარე, სიჭრელითა და მრავალფეროვნებით გამორჩეულ ტფილისში, მრავლად იყო მოსალხენი ადგილები – დუქნები, რომლებიც პირველად XIX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. პოეტები, მგოსნები, აშუღები მათი ხშირი სტუმრები იყვნენ. მუშტრის მოსაზიდად მეპატრონე დუქანს ხშირად უჩვეულო სახელს არქმევდა. ასე მომრავლდა ტფილისში „ტილიპუჭურას“, „ბაბაჭუას“, „ქოსების“ სახელით ცნობილი დუქნები ფასადებზე მხატვრულად გაფორმებული აბრებითა და ბარაქიანი პურმარილით.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ლხინი ნაშუადღევს იწყებოდა და გვიანობამდე გრძელდებოდა. დასაწყისშივე ირჩევდნენ პატივსაცემ კარგი სიტყვა-პასუხის მქონე თამადას, რომელიც სადღეგრძელოებით წარმართავდა სუფრას. ხელადა ღვინისა და გემრიელი კერძების, ფრთიან სადღეგრძელოებს შორის ჩაქსოვილი მუსიკის ჰანგებისა და რიხიანი სიმღერების წყალობით, შეზარხოშებული მოქეიფეები არასოდეს იწყენდნენ.

ლხინს მხოლოდ გართობის ფუნქცია არ ჰქონდა; ის ერთმანეთთან დაახლოების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ტფილისური დუქნები ევროპული სტილის სასტუმროებში გახსნილმა ახალი ტიპის სასადილოებმა – ტრაქტირებმა შეცვალა, სადაც ევროპულ ყაიდას აყოლილ ტფილისელებსა და უცხოელ სტუმრებს ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად ევროპულ კერძებსაც სთავაზობდნენ. 

 

წყარო: nationalgeographic.ge