იცით როგორ უკავშირდებოდა ერთმანეთს ძველ ტფილისში ციციანოვის აღმართი და მუხრანის ქუჩა?

ბორანი

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ძველ ტფილისში ციციანოვის აღმართი და მუხრანის ქუჩა ერთმანეთს მდინარე მტკვრის ნაპირებს შორის გაბმულ ბაგირზე მოძრავი  ბრტყელძირა ნავით – ბორნით უკავშირდებოდა, რომელსაც „მუხრანის ხიდის ბორანს“ უწოდებდნენ. მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მუხრანთუბანში, მუხრანბატონის სასახლე იდგა. იქვე, ავანანთ ხევზე, ქალაქის გალავნის მუხრანის კარიბჭეზე, გადებული იყო პატარა ხიდი, რომელსაც „მუხრანის ხიდი“ ერქვა – აქედან მოდის ბორნის დასახელებაც.

“მუხრანის ხიდის ბორანი“ აუცილებელ და საკმაოდ მომგებიან სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა, რომლითაც ყოველდღიურად 2000-მდე ადამიანი სარგებლობდა მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე ტვირთის გადასაზიდად და საქონლის გადასაყვანად. ხშირად, წყალდიდობის დროს, ადიდებული მტკვარი ბორანს იტაცებდა, რასაც, ხანდახან, მსხვერპლიც მოჰყვებოდა და მიმოსვლაც წყდებოდა.

ამიტომ, ბორნის მიმდებარედ, სამაშველო პუნქტიც არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ მუხრანის ხიდის ბორანი ყოველწლიურად დაახლოებით 6000 მანეთ შემოსავალს იძლეოდა, ამ ადგილზე ხიდის აგების აუცილებლობა ყოველთვის იდგა დღის წესრიგში. მოგვიანებით, მუხრანის ხიდის ბორანი ვერის ხიდის ზემოთ გადაიტანეს, ხოლო აქ 1911 წელს ინჟინერ ევგენი პატონის პროექტის მიხედვით ლითონის კონსტრუქციებისგან შეკრული “მუხრანის ხიდი“ ააგეს, რომელიც შედუღების წესით აგებული პირველი ხიდი იყო ამიერკავკასიასა და რუსეთის იმპერიაში.

 

წყარო: nationalgeographic.ge