ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია ინჩონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას (IFEZ) ეწვია

 ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია ინჩონის თავისუფალ ეკონომიკურზონას (IFEZ) ეწვია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დელეგაცია სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გიორგი ფიფია აზიის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ეკონომიკურ-ინოვაციურ ჰაბს, ინჩონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას (IFEZ) ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ტექნოლოგიური, ინოვაციური და ინდუსტრიული გამოცდილების გაზიარება და ამასთანავე, საერთაშორისო საგანმანათლებლო-კვლევითი თანამშრომლობის გაფართოება.

ქართული დელეგაცია შეხვდა IFEZ-ის ინოვაციებისა და ქალაქის ზრდის სტრატეგიის დეპარტამენტის სმარტ IT ოპერაციების ჯგუფის ასისტენტ დირექტორს, პროფესორ ლი სანგ ჰოს. მან სტუმრებს გააცნო IFEZ-ის განვითარების მოდელი, რომელიც მოიცავს ეკონომიკური ზონის ულტრათანამედროვე ციფრულ ინფრასტრუქტურას, ურბანულ დიზაინსა და სმარტ-მმართველობას. კორეულ მხარეს ასევე წარმოადგენდა ინჩონის უნივერსიტეტის კვლევისა და სამეწარმეო ფონდის პროფესორი, ინდუსტრიულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობის ექსპერტი, დოქტორი სუნ დონგ იუ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში თარაშ პაპასკუა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მიხეილ თიგიშვილი.

IFEZ-ის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიზნით, ითანამშრომლონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (KIU) და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქთან (KUCA) განათლების, კვლევისა და ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს KIU-ს, ჩამოყალიბდეს რეგიონში წამყვან ინოვაციურ და სამეწარმეო ჰაბად. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამხრეთ კორეის მთავრობა მხარს უჭერს იმ საერთაშორისო პროექტების განხორციელებას, რომლებიც საგანმანათლებლო-ინდუსტრიული ჰაბების განვითარებას ითვალისწინებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, სამხრეთ კორეის ინჩონის თავისუფალი ეკონომიკური ზონა (IFEZ) 13, 000 ჰექტარზეა გაშენებული. ინჩონში მსოფლიოს წამყვანი მულტინაციონალური კომპანიები სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ, მათ შორისაა: ბიოტექნოლოგიები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ინდუსტრია და სხვა.