საპენსიო ფონდი, სადაც 1,3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგი ინახება, შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში წაგებაზე წავიდეს

პენსია

თუ ინფლაცია ისევ მაღალ დონეზე დარჩება, მაშინ საპენსიო ფონდი, სადაც 1,3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგი ინახება, შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში წაგებაზე წავიდეს. ეს ფონდის ვარაუდია.

საპენსიო ფონდის შექმნიდან დღემდე, ქვეყანაში ინფლაციამ 34.28% შეადგინა, ხოლო ფონდის წმინდა ნომინალური ამონაგები 35.23% იყო. მარტივი დასათვლელია სხვაობა - ამ პერიოდში რეალური ამონაგები მხოლოდ 0.71%-ი გამოდის.

ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას - ინფლაციას - ფონდი უცხოურ აქციებში ინვესტირებით პასუხობს, უკვე ორი თვეა. ამჟამად, ფონდის 10% უცხოური კომპანიების აქციებში, 7.3% კი უცხო ქვეყნების სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული. საპენსიო აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული.