შეიძლება, სხვა კომპანიების მსგავსად, „თელასი“ ქართული კომპანია გახდეს - ხვიჩა მაქაცარია

ხვიჩა მაქაცარია

ქართველ ბიზნესმენს ხვიჩა მაქაცარიას Forbes საქართველოს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე ესაუბრა:

- მაინც ვერ გავიგე, რატომ თვლით ასე მიმზიდველად რეგულირებად ბიზნესებს?
- და თქვენ რა პრობლემას ხედავთ?

- მე არაფერს, მე აქ კითხვებს ვსვამ და თქვენი აზრი მაინტერესებს.
- მე ვთვლი, რომ ამ კომპანიებს აქვს ზრდის დიდი პოტენციალი, ანალოგიური სქემა მქონდა, როცა ვფიქრობდი GWP-ის (თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალგამანაწილებელი კომპანია) შეძენას, რომ ერთი მეგაკომპანია გაგვეკეთებინა, ყველა კომუნალური სერვისითა და ქსელებით, რომელსაც სააქციო საზოგადოებად ჩამოვაყალიბებდით და აქციების საჯარო განთავსებას (IPO) გავაკეთებდით, მაგრამ არ გამოვიდა. მიუხედავად ჩემი მრავალგზის მცდელობისა, შეთანხმება არ შედგა და თანხა, რომელიც ესპანურმა კომპანია "აქუალიამ" გადაიხადა, საკმაოდ მაღალი იყო. სხვათა შორის, კომპანიების ზრდას რომ ვგულისხმობ, საკუთარ თავსაც მივაკუთვნებ ზრდისა და განვითარების იმ პროცესს, რასაც ჯგუფში შემავალი ბიზნესები გადიან. ეს პროცესი არ არის მარტივი ან იოლი.

- ანუ, გულისხმობთ, რომ თქვენც იზრდებით და ვითარდებით კომპანიების ზრდასთან ერთად?
- მინიმუმ, ვსწავლობ. და ვსწავლობ ბევრს. რამდენად ვვითარდები და ვიცვლები, ეს სხვამ შეაფასოს. და კომპანიების შედეგებით და ახალი პროექტებით ვიმსჯელოთ.

ხვიჩა მაქაცარია forbes-თან საუბრისას ადასტურებს, რომ "თბილისი ენერჯის"  სრულად გამოსყიდვას, წინა, ყაზახი მეპატრონეების სრულ ფინანსურ გასტუმრებას. ქართველი ბიზნესმენის თქმით, ახალი მენეჯმენტი ამ კომპანიაში 2019 წლიდან არის და დღემდე 70 მლნ დოლარის კაპიტალური ინვესტიციაა განხორციელებული, 2022 წლის ბოლომდე დამატებით $10 მლნ-ის ინვესტირებას აპირებს და აქვე დასძენს, რომ 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს 3-იდან 5 წლამდე გრაფიკით.

- ამ თანხას აწევთ თავად თუ პარტნიორის შემოყვანას გეგმავთ?
- "თბილისი ენერჯი"? როგორც ბიზნესისთვის იქნება საჭირო, ისე ვიმოქმედებთ. ამოსავალი და პრიორიტეტია მინიმუმამდე დავიდეს ტექნიკური დანაკარგები, მოხდეს ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება და უსაფრთხოების ზომების კიდევ მეტად გაძლიერება, რისთვისაც საკომუნიკაციო კამპანიასაც გავაძლიერებთ. მიუხედავად იმისა, რომ შედარებაც აღარაა, რა იყო ჩვენ შესვლამდე კომპანიაში ავარიების თუ ტრაგიკული შემთხვევების კუთხით, მგონია, რომ მეტს გავაკეთებთ, რათა მინიმუმდე დავიდეს დაუდევრობით გამოწვეული უბედური შემთხვევები. - "თელასი"? - "თელასი" სხვა ისტორიაა, ეს ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულების და ხედვის ნაწილია, რაც ენერგეტიკას უკავშირდება. ენერგეტიკაში ინვესტირებას გავაგრძელებთ გენერაციისა და განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებითაც.

"თელასი" 25% წილის შეძენით, ჩვენი ჯგუფი სრულად შევიდა კომპანიაში და მის ყოველდღიურობაში ვმონაწილეობთ, ამ მხრივ ყოველმხრივი კომფორტია პარტნიორებს შორის, მაგრამ არ მინდა დავმალო ორი თემა, რაც კავშირშია "თელასის" წილის ყიდვასთან. ვფიქრობ პირველი მაინც ის არის, რომ ვეცდები აუცილებლად დავასრულო თელასის თემა...

- დაასრულებთ, ანუ? "თელასსაც" ყიდულობთ რუსებისგან?!
- კი ბატონო, ვადასტურებ განზრახვას და ვფიქრობ, დროის ამბავია "თელასი", "თბილისი ენერჯის" და "ბილაინის" მსგავსად შეიძლება, რომ ქართული კომპანია გახდეს.

- ვადებზე ან თანხებზე შეგვიძლია საუბარი დღეს?- ეს პროცესია. და დღეს შემიძლია მხოლოდ დავადასტურო განზრახვა და ის, რომ პროცესი აუცილებლად იმ შედეგით დასრულდება, რაც გითხარით. ენერგეტიკა CBS-ში შემავალი კომპანიების სოლიდურ ნაწილს წარმოადგენს. გენერაციის პროექტებიდან მალე 60 მგვტ ჰიდროელექტროსადგურები ჩაეშვება, პროცესშია მზისა და ქარის პროექტები, რომლებზეც ინვესტორს საუბარი ჯერ არ სურს. ერთს ვიტყვი დაზუსტებით, რომ შემდეგი წლები ჩვენი კომპანიების წარმოჩენისა და მდგრადობის გაძლიერების წლები იქნება, სადაც პრიორიტეტული ენერგეტიკა და საკომუნიკაციო მიმართულებები გახდება. პორტფელში სოფლის მეურნეობაც არის, ნახავთ სიაში და იქიდან გამოსვლას აპირებს, რადგან სრულად კონცენტრირდეს კომპანიების მდგრადობაზე და აქცენტირება ენერგეტიკასა და კომუნიკაციებზე მოახდინოს.