ოქტომბერში ხაჭაპურის ინდექსი 28.6%-ით გაიზარდა - ISET

ხაჭაპური

გასულ თვეს ხაჭაპურის ინდექსი კვლავ გაიზარდა. „აისეტის“ მიერ გამოქვეყნებული ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, ოქტომბერში იმერული ხაჭაპურის მომზადება თვიურად 2.6%-ით, ხოლო წლიურად 28.6%-ით გაძვირდა.

ISET-ის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში გაიზარდა და 6.18 ლარსა (ბათუმი) და 7.49 ლარს (თელავი) შორის მერყეობდა. საშუალო ღირებულებამ კი 6.57 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებელს 2.6%-ით და 2021 წლის ოქტომბრის ღირებულებას კი 28.6%-ით აღემატება.

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში, რძის მიწოდების სეზონური შემცირების გამო, ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტების ყველისა და რძის თვიური ფასების მომდევნო თვეებში კიდევ უფრო ზრდას ელიან. მათი პროგნოზით, შესაძლოა, გაიზარდოს ხორბლის ფასებიც, რადგან რუსეთმა ხორბლის ექსპორტის გადასახადი კვლავ გაზარდა. 

„წლიურ ჭრილში ხაჭაპურის ინდექსის ფასები საქართველოს ყველა ქალაქში გაიზარდა. ყველაზე მაღალი - 37.2%-იანი ზრდა ქუთაისში ფიქსირდება, რომელსაც თელავი (35.9%) და თბილისი (23%) მოსდევს. ყველაზე მცირე, თუმცა მაინც მკვეთრი, ზრდა დაფიქსირდა ბათუმში (19.1%).

რაც შეეხება თვიურ მაჩვენებელს, იმერული ხაჭაპურის ფასების ყველაზე დიდი ზრდა (9.4%) კახეთის, საქართველოს მთავარი ღვინის მწარმოებელი რეგიონის, დედაქალაქ თელავში დაფიქსირდა. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ შემოდგომა განსაკუთრებული პერიოდია საქართველოში, განსაკუთრებით კი კახეთში, რადგან ის რთველთან ასოცირდება. კახეთში რთველი აგვისტოს ბოლოს იწყება და რამდენიმე კვირა გრძელდება. როგორც ჩანს, ადგილობრივმა ტურისტებმა შავი ზღვის სანაპიროდან კახეთისკენ გადაინაცვლეს, რამაც მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასებიც გაზარდა“, - ნათქვამია ISET-ის მიერ გამოქვეყნებულ ხაჭაპურის ინდექსში.