„ბლუმბერგი“ - დაქირავებული ლობისტები „ქართული ოცნების“ მითითებებით იმუშავებენ

12:56 02-14-2020
44

გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვაშინგტონში ახალი ლობისტური კომპანია დაიქირავა. სტატიის ავტორი ელი ლეიკი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილოვან ბოსად“ მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა.

სტატია „ქართული ოცნების“ მიერ ამერიკელი ლობისტური კომპანია Hogan Lovells-ისთვის თვეში $75 000-ის გამოყოფას ეხება. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დაქირავებული ლობისტები ძირითადად სწორედ „ქართული ოცნების“ მითითებებით იმუშავებენ.

ელი ლეიკს ციტატა მოჰყავს ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნორმ ქოულმანის 21 იანვრით დათარიღებული წერილიდან. ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი ქოულმანი ლობისტია, რომელიც ამჟამად სწორედ Hogan Lovells-ისთვის მუშაობს. 

„კომპანია იმუშავებს და ასევე, შესაძლოა, მიიღოს მითითებები საქართველოს ოფიციალური პირებისგანაც, მაგრამ ძირითადად ვიმუშავებთ თვითონ პარტია ქართულ ოცნებაზე“, - წერს ნორმ ქოულმანი ბიძინა ივანიშვილისთვის მიწერილ წერილში. 

„ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. თავდაპირველად, თავად ივანიშვილია პასუხისმგებელი საქართველოს რეგრესისთვის, რომელიც რეპრესიებში გადაიზარდა. საქართველომ რამდენიმე პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, რომლებიც ივანიშვილის კონტროლის ეფექტურ კონსოლიდაციას ახორციელებდნენ და ამ ბოლო დროს ივანიშვილი ოპოზიციის დაშინებასა და დაპატიმრებაზეც გადავიდნენ. ამის უკანასკნელი მაგალითია ის, რომ ორშაბათს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულისთვის, რომელზეც ის დაპატიმრებული უკვე იყო.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ლობისტ ქოულმანს რთული საქმე აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ავტორიტარული პარტნიორები ჰყავს, მაგალითად, ისეთი როგორიც საუდის არაბეთია, შესაძლოა იმ თემის განხილვა, რომ ამერიკა სტრატეგიული მიზნების გამო ბევრის მომთმენია, მაგრამ საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაშინგტონთან უფრო ახლო ურთიერთობა დაემყარებინა კანონის უზენაესობის დაცვითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ქოულმანის ახალი კლიენტი, სამწუხაროდ, სულ სხვა მხარეს არის. ამას ვერანაირი ფული ვერ შეცვლის, - წერს სტატიის ავტორი, ელი ლეიკი.