გიორგი გახარია მიუნხენში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

08:14 02-14-2020
29

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარია კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მიუნხენი უსაფრთხოების 56-ე, ყოველწლიურ კონფერენციას 14-დან 16 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს, სადაც 500-ზე მეტ მაღალი დონის საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებ პირს ელოდებიან.

პოლიტიკური, ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არსებულ კრიზისებსა და მომავალ უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელებენ.

განხილვების ერთ-ერთი თემა იქნება, თუ რა არის დასავლეთის ცნება, რას ნიშნავს დასავლეთის პასუხისმგებლობა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, სამდღიან განხილვებს დაესწრება 100-მდე საგარეო თუ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. მათ შორის იქნებიან ამერიკის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჰეიკო მაასი, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მუჰამედ ჯავად ზარიფი.