უგულავას დაკავებაზე ევროპარლამენტარებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე 50 მლნ-ის ქურდობას ეხებოდა - კალაძე

22:52 02-13-2020
47

თბილისის მერი კახა კალაძე სტრასბურგიდან facebook-ლაივში ჩაერთო. მან განაცხადა, რომ შეხვედრებმა ძალიან კარგად ჩაიარა. 

„შეხვედრებმა ძალიან კარგად ჩაიარა: კითხვები დაისვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. კითხვები ასევე იყო უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია და ავუხსენით ევროპარლამენტარებს, რომ საქმე ეხებოდა 50 მლნ-ის ქურდობას, რომლის მტკიცებულებებიც არსებობს, მათ შორის ვიდეო და სხვა. შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა იყო, რომ შეიქმნას ევროპარლამენტარებისგან დაკომპლექტებული მისია, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, ჩამოვიდეს და მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია უგულავას საქმესთან დაკავშირებით. კითხვები არ დარჩეთ ამ ადამიანებს - ამ ინიციატივას კარგი შეფასებები მოჰყვა. მაშინვე გამოეხმაურნენ სოციალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და სხვა დეპუტატები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.