რატომ მალავდა შვილს დათო ფორჩხიძე აქამდე - მუსიკოსი 18 წლის ქალიშვილის გაპიარებას იწყებს

18:25 02-13-2020
42395

დათო ფორჩხიძემ და დათო ხუჯაძემ სტუდია „სახე“ გააკეთეს. ამ ახალ სტუდიაში ფორჩხიძემ ახალი ბენდი შეკრა, სადაც მუსიკოსებთან ერთად საკუთარ 18 წლის ქალიშვილს ამღერებს. დიახ, დათოს ნანუკა მღერის და მშვენივრადაც. 

სტუდიური ჩანაწერი, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, „პოსტივიმ“ გადაიღო. 

ფორჩხიძე უმცროსს კონკურსებზე გასვლა მამამ აუკრძალა. დათო მიიჩნევს, რომ სიმღერა ნანუკას პროფესია იქნება. გოგონა ჯიპას სტუდენტია. 

დათო ფორჩხიძე: - ძალიან ნიჭიერია და ვფიქრობ, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მას თანამედროვე პოპმუსიკის ჟანრში ვხედავ. ჩემი გადამკიდე მდიდარი ფონოთეკა აქვს მოსმენილი, მაგრად იცნობს ძველ ლეგენდარულ შემსრულებლებს. მოკლედ, ამ მხრივ დიდი განათლება აქვს. ყველანაირად ვარიდებდი გამოჩენას. ვიცი, რომ ცნობილი მშობლების შვილებს ერჩიან და ჩაუწყო და დაეხმარაო, რომ არ თქვან, ამიტომ საქართველოში კონკურსებში გამოსვლა ავუკრძალე. ახლა ფორმა ვიპოვე: მაგარი ბენდი შევქმენი და ბავშვები თანამედროვე და ძველი სიმღერების ქავერებს ასრულებენ. ვცდილობ, ისეთი სიმღერები ვამღერო, საქართველოში არც ერთ ბენდს რომ არ შეუსრულებია, კონკურსებში და რესტორნებში რომ არაა გაცვეთილი. ჩვენ ყოველ კვირაში ასეთ ახალ სამ სიმღერას ვარჩევთ. 

- ნანუკას უნდა პოპულარობა?

- პოპულარობა მაგრად უნდა. რა არის ამაში დასამალი. მისთვის ავტორიტეტი ვარ, ვუყვარვარ და მომყვება. თუმცა რომ გაბრაზდებოდა, წამომაძახებდა, შენ არსად არ გამიშვიო. გენიოსების შვილებზე გენები ისვენებსო, ამბობენ. საბედნიეროდ, მე არ ვარ გენიოსი, ამიტომ საშუალო დონის მშობლის შვილი სიმაღლეზე ადის და ამის მაგალითებიც გვაქვს. თუ დამიჯერებ, უფრო მაღლა ახვალ-მეთქი, ნანუკას ვარიგებ. 

ჯაზის მოსასმენად „ზინგერში“ მისულმა დათო ფორჩხიძემ ლუკა თოფურია  „იპოვა“ და თავის ახალ ბენდში კლავიშზე დასაკრავად მიიწვია. ჯგუფში უკრავს ალეკო ბერძენიშვილიც. 

დათო ფორჩხიძე: - ახალი თაობა პოპში აკეთებს ჯაზს და მე შევთავაზე, წამოდით ჩემთან, სტუდიაში, ბენდი გავაკეთოთ-მეთქი. დიდი ენთუზიაზმით წამომყვენენ და 2018-2019 წლებში „გრემის“ მფლობელ კომპოზიციებს პოპში გადაყვანილ ჯაზში ვაკეთებთ. 

ქავერის გაკეთება ორ დღეში შეგვიძლია და ახალი, ექსკლუზიური, თანამედროვე მუსიკა რომ აქ გააკეთო, მერე იმდენი  ფული უნდა ხარჯო რომ მოუსმინონ და გაპიარდეს, უამრავი. რთულ ეპოქაში არიან ახალგაზრდები, მეცოდებიან და რაც შემიძლია ვეხმარები. 

- რა შედის შენს გეგმებში ნანუკასთან მიმართებაში?

- ძალიან კარგად ვიცი შოუბიზნესი. როგორ შეიძლება საზღვრებს გარეთ რამეს მიაღწიო. ეს ძალიან რულია. იქნებ უცხოეთში ფესტივალებზე ვიაროთ... ღმერთმა ქნას, გადატვირთული გრაფიკი ქონდეს, მაგრამ ვურჩევ, რომ ქართული პუბლიკა წინა პლანზე დააყენოს. ასე ვუზიარებ გამოცდილებას. ვგრძნობ, მისთვის ისეთი მასწავლებელი ვარ, ვინც „ევასება“. ცუდ რამეებში მგავს, ჩემნაირად მძიმეა, მაგრამ კეთილია. 

კონცერტის გაკეთებაზე ვფიქრობთ. საორგანიზაციო საკითხებში დათო ხუჯაძე მეხმარება, მარდია. ყველა ამბობს, ახალი თაობა არ არსებობსო. მე ვამბობ, რომ არსებობს. 

- მოკლედ, ნანუკას შენ გაუკეთებ სცენაზე პრეზენტაციას, ერთად გამოხვალთ.

- ნანუკას თავს შევაკლავ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები სხვისი შვილებიც არ დამრჩეს უყურადღებოდ. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე