კორონავირუსის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე - ევროს კურსი შემცირდა

18:05 02-13-2020
523

ბოლო თვეებში დოლართან მიმართებაში ევროს კურსი საგრძნობლად შემცირდა და ევროვალუტას მხოლოდ ცენტის რამდენმე მეასედი აშორებს იმ რეკორდს, რომელსაც სამი წლის წინ მიაღწია.

ევროს დაცემა არ ხდება ერთი მიზეზის გამო, არამედ მთელი რიგი მიზეზები არსებობს, რაც განსაზღვრავს ევროკავშირის ფულადი ერთეულის „რთულ მომავალს“.

იანვარში ევრო დაეცა 1.1%ით.  თებერვალში დაღმა სვლა განაგრძო და გუშინ ერთი ევრო 1,0904 აშშ დოლარის ექვივალენტი გახდა. უარესი მდგომარეობა იყო 2015 წელს, მაგრამ მაშინდელი კრიზისი ნავთობზე ფასის ვარდნამ  გამოიწვია. ნავთობის ბაზარმა მხარი დაუჭირა დოლარს, რის გამოც დანარჩენი ვალუტა გაუფასურდა. მიმდინარე რეცესია ნაკლებად მკვეთრად გამოიყურება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უფრო ღრმა და ფუნდამენტურია.

საინტერესოა, რომ როგორც Bloomberg აღნიშნავდა, მიმდინარე წელი ევროსთვის ურიგო არ იქნებოდა. ჯერ ერთი, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომში მარადიულმა მშვიდობამ თუ არა, გრძელმა პაუზამ მაინც დაისადგურა. მეორეც, ბრექსიტი შედგა და გარკვეულწილად, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის სიტუაციას ნათელი მოეფინა. თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც „ევროოპტიმსტები“ ვარაუდობდნენ.

წლის დასაწყისში, კორონავირუსის ეპიდემია  მსოფლიო ბირჟებისთვის მთავარი ორიენტირი გახდა. კორონა ვირუსმა უკვე გამოიწვია ნავთობისა და სხვა სასაქონლო რესურსების შემცირება და შეაჩერა წარმოება ჩინეთის ბევრ ქარხანაში, სადაც კონცენტრირებულია მსოფლიო ინდუსტრიის თითქმის მესამედი. პრობლემა გავრცელდა აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში და გავლენა მოახდინა ევროპაზეც. მიწოდების შეფერხებების გარდა, ჩინეთში შემცირდა მოთხოვნა ბევრ საქონელსა და მომსახურებაზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებიდან მოდიოდა. გასაკვირი არ არის, რომ ყოველივე ეს უარყოფითად აისახა ევროზე.

ვირუსს ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია, მაგრამ მისი გავლენა ჩინეთის ეკონომიკაზე უკვე 0,5%-ით არის შეფასებული, მშპ-ით (მთლიანი შიდა პროდიქტი). როგორც ჩანს, ეპიდემიის მწვავე ფაზა მთელ I კვარტალზე გაიწელება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზარალი ორჯერ ან სამჯერ მეტიბ იქნება. ევროკავშირი არის საქონლის უდიდესი ექსპორტიორი ჩინეთში და შესაბამისად, აღმოსავლეთის ქვეყნის კრიზისი ყველაზე მეტად იმოქმედებს ევროკავშირის ეკონომიკაზე.

12 თებერვალს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ დეკემბრის ბოლოს, ევროზონაში ინდუსტრიული პროდუქტის წარმოება 2.1% -ით დაეცა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ამან საგრძნობლად იმოქმედა ეკონომიკის მონაცემებზე - მშპ გაიზარდა მხოლოდ 0.3% -ით, ხოლო ახალი მონაცემების შედეგად, შესაძლებელია კიდევ უფრო შემცირება.

გარდა იმისა, რომ წარმოების შემცირება გავლენას ახდენს ევროს კურსზე, გაუარესებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ შეიძლება აიძულოს ევროპის ცენტრალური ბანკი, შეამციროს განაკვეთები შეარბილოს ფულად-საკერედიტო პოლიტიკა.

არ უნდა დავივიწყოთ პოლიტიკური ფაქტორებიც, რომელიც ევროს კურსზე გავლენას ახდენს.  დაბოლოს, ევროს სტაბილურობის საფრთხის შემცველი კიდევ ერთი ფაქტორი არსებობს:  ევროპაში მაღალტექნოლოგიური ინტერნეტ ინდუსტრია სუსტად ვითარდება. მსოფლიოში მსოფლიოს უმსხვილეს ინფორმაციულ კომპანიებს შორის ბევრია ამერიკული და ჩინური. ცოტა ნაკლები - ვიდრე აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან, არის რამდენიმე რუსული კომპანიაც, მაგრამ პრაქტიკულად არც ერთი ევროპული კომპანია არ არსებობს. იმავდროულად,  მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის ფლაგმანები იზიდავენ კაპიტალის ლომის წილს აშშ-ს საფონდო ბირჟაზე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს დოლარს, ევროსა და სხვა ვალუტებთან მიმართებაში.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე