ავთანდილ წერეთელი პროკურატურას საზღვრის კვეთის უფლებას სთხოვს

17:32 02-13-2020
223

„TV პირველის“ მფლობელის მამა, ავთანდილ წერეთელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროკურატურას საზღვრის კვეთის უფლებას სთხოვს.

როგორც ადვოკატი კახა წერეთელი აცხადებს, მის დაცვის ქვეშ მყოფს 21 თებერვალს გამოკვლევები აქვს ავსტრიაში ჩანიშნული და შესაბამისი მოწვევა უკვე წარუდგინეს უწყებას.

„მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით სამკურნალოდ უნდა დატოვოს საქართველო. გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდება“, - ამბობს ავთანდილ წერეთელის ადვოკატი.

ცნობისთვის, „TV პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში 6 თებერვალს გადაიყვანეს. როგორც ვატო წერეთელი აცხადებს, მან მამა სააბაზანოში, უგონო მდგომარეობაში იპოვა.

ამასთან შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.

27 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.