შსს - ბოლო ორ წელში შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არცერთი მკვლელობა არ მომხდარა

15:15 02-13-2020
117

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა დღეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ანგარიში წარადგინა.

შსს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მსხვერპლთა დაცვის მიზნით 10266 შემაკავებელი ორდერი გამოსცა, რაც 34%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. (2018 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 7646-ს შეადგენს).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ძალადობის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდა და ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა. ასევე, ამოქმედდა ძალადობის რისკის შეფასების და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი, რამაც შემაკავებელი ორდერი მსხვერპლთა დაცვის რეალურ ინსტრუმენტად აქცია. შედეგად, 2018-2019 წლებში, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განმეორებითი ძალადობისაგან დაცვის მიზნით, საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც, რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში, პოლიციელთა მიერ მოძალადეთა მიმართ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევისა და პოლიციისადმი მიმართვიანობის გაზრდის მიუხედავად, არსებობენ მსხვერპლები, რომლებიც არ თანამშრომლობენ პოლიციასთან, რაც მოძალადეს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგებს.

მსხვერპლის ეფექტიანი დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის კიდევ უფრო გააქტიურება. ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მსხვერპლს, ასევე, ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ძალადობის შესახებ, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია ძალადობის შესახებ, რათა პოლიციას ჰქონდეს თითოეული მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის რეალური შესაძლებლობა.