კანადელმა ექიმმა „გატეხილი გულის“ წამალი აღმოაჩინა

15:01 02-13-2020
110

მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევარი და ექიმი ალენ ბრიუნე აცხადებს, რომ იპოვა მეთოდი, რომლის საშუალებითაც საყვარელ ადამიანთან მტკივნეულ დაშორებას უფრო მარტივად გადაიტანთ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ალენ ბრიუნე 15 წლის განმავლობაში სწავლობდა პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას (PTSD) - მუშაობდა ვეტერანებთან და იმ ადამიანებთან, რომლებმაც გადაიტანეს ტერაქტი და ძალადობა. 

მისი საქმიანობის დიდი ნაწილი ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ შეექმნა ე.წ. რეკონსოლიდირების თერაპია - ინოვაციური მეთოდი, რომელიც მეხსიერებიდან ემოციურად მტკივნეულ მოგონებას წაშლის. 

მისი შემოქმედების საფუძვლად უდევს ფარმაცევტული პრეპარატი პროპრანოლოლი - ბეტა ბლოკატორი, რომელიც დიდი ხანია გამოიყენება ჩვეულებრივი ფიზიკური დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ჰიპერტენზია ან შაკიკი, თუმცა ზემოთხსენებული კვლევა ამ პრეპარატის უფრო ფართო გამოყენებაზე საუბრობს. 

ე.წ. რეკონსოლიდირების თერაპიაში შედის პროპრანოლოლის მიღება სათერაპიო სეანსამდე ერთი საათით ადრე, რომლის შემდეგაც პაციენტმა უნდა დაწეროს დეტალური ანგარიში თავისი ტრავმის შესახებ და შემდეგ ეს ხმამაღლა წაიკითხოს. 

„ხშირად როდესაც რამეს იხსენებთ, თუ რაიმე ახალია შესასწავლი, მეხსიერება იხსნება და თქვენ განახლება შეგიძლიათ. შემდგომ ის თავიდან შეინახება“, - განმარტავს კანადელი ფსიქოლოგი. 

მოგონებები ტვინის ჰიპოკამპუსში ინახება, მაგრამ მეხსიერების ემოციური ფონი ნუშისებრი სხეულში. როდესაც ადამიანი განიცდის ტრავმულ მოგონებას, მასში ტვინის ორივე ნაწილი მოქმედებს. პროპრანოლოლი მეხსიერების ემოციურ ნაწილზე, ნუშისებრ სხეულზე მოქმედებს - ახშობს მას და ტკივილს ამცირებს. 

მეცნიერი აღნიშნავს, რომ მოგონებების სრულად წაშლა რეკონსოლიდაციის თერაპიის დროს შეუძლებელია, თუმცა გახსენება ტკივილს აღარ მოგვანიჭებს.

ექიმის ნამუშევარი ჯანდაცვის ოფიციალურ უწყებებს ჯერ არ განუხილავს და ამ თერაპიის ეფექტურობა დამტკიცებული ჯერჯერობით არ არის.