„დედიკოს ბიჭი ვიყავი, უფროსებს „თქვენობით“ ველაპარაკებოდი“ - რეზო გაბრიაძე ნასესხები ფიცრის ქოხში გატარებულ ბავშვობაზე

14:05 02-13-2020
4630

გუშინ, 12 თებერვალს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეზო გაბრიაძის ახალი ფილმის (2017 წელი) პრემიერა შედგა. „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ - ასე ჰქვია ახალ ნამუშევარს, რომელშიც გაბრიაძე თავის ცხოვრებაზე ჰყვება. ჟანრი - ავტობიოგრაფიული ანიმაციური დოკუმენტური ფილმი. რეზო საქართველო-რუსეთის კო-პროდუქციის სცენარის ავტორია, რეჟისორი კი ლეო გაბრიაძეა. ფილმის მსოფლიო პრემიერა ორი წლის წინ ამსტერდამში შემდგარა. მხატვარი, თეატრის/კინოს რეჟისორი და მწერალი თავის სტილში, სევდანარევი მსუბუქი იუმორით გვამოგზაურებს ქუთაისს და ბანოჯაში გატარებულ ბავშვობაში. რეზო მთხრობელის რანგში გვევლინება, ის თავად უყვება მაყურებელს ბიოგრაფიას. მარტოსული ბიჭის მოგონებები უპირისპირდება მის წარმოსახვით სამყაროს. ეს არის ლამაზი თხრობა ადამიანურობაზე, წარმოსახვებსა და რეალობაზე, სიკეთესა და ცხოვრებაზე.

გთავაზობთ რეზოს ნაამბობის ამონარიდს, საიდანაც გაიგებთ, რომ დიდ შემოქმედს „შერეკილების“ მიზანა ბრეგვაძის ფიცრული ქოხის ანალოგ სახლში გაუტარებია ბავშვობა სოფლად. აი, თურმე საიდან მოუვიდა თავში გენიოს გაბრიაძეს ნასესხები ფიცრები, ნასესხები სიმღერები, დოქი ღვინო, დოლი და ნაბადი - სულ ცალობით რომ ჩაასესხებინა უკან დაობლებულ ერთაოზს. 

რეზო გაბრიაძე: - დედიკოს ბიჭი ვიყავი, საყელო თეთრი მქონდა, უფროსებს „თქვენობით“ ველაპარაკებოდი. ჩემი მაშინდელი ცხოვრება დრამატული იყო, მთავარი ამოცანა ის იყო, რომ როგორღაც ჩხუბის გარეშე მივსულიყავი სკოლაში. ომი ახალი დამთავრებული იყო და ცოტა ჰქონდა ხალხს სიხარული, გართობა და კულტურული სიამოვნება. ნერვები ყველას დაძაბული ჰქონდა. უპატრონო ბავშვები ჯოგებად დარბოდნენ ქალაქში. ხალხს უჭირდა. მშობლიურ ქალაქში პარტიზანულად ვცხოვრობდი. თავს დაცულად ერთადერთ ადგილას ვგრძნობდი, ეს იყო ბიბლიოთეკა ნომერი 6, რომელიც მდინარის თავზე იყო შეკიდული. იქ ორნი ვიყავით, ვინც მსოფლიო ლიტერატურით გატაცებული გახლდით - მე და იპოლიტე. იპოლიტე ვირთხა იყო. ოდესღაც მსახიობმა იპოლიტე ხვიჩიამ დამდუღრა და ძნელი შესახედი იყო. ბეწვი აღარ ჰქონდა, კუდი იისფერი, ყურები გამჭვირვალე და ნაზი... იპოლიტე ძირითადად ყდებით იყო დაკავებული, ხოლო დანარჩენ მასალას მე ვამუშავებდი. ბიბლიოთეკაში ორი ბიბლიოთეკარი იყო და ერთი ნავთქურა. ხან ერთი ადგა ნავთქურას ფეხებგაშლილი და თბებოდა და ხან - მეორე. კედელეზე გენიოსების სურათები ეკიდება - დანტე, რუსთაველი, ლევ ტოლსტოი...  ტოლსტოი უჟმურად მიყურებდა, რაღაც არ მოსწონდა ჩემში.

ერთხელ გაკვეთილზე დაგვიანებული (სულ ვაგვიანებდი) მასწავლებელმა კლასში არ შემიშვა და სამჯერ გაიმეორა - და საერთოდ, და საერთოდ, და საერთოდ... ასეთი გაუბედურებული გავუყევი კორიდორს, ფეხები გამხმარი მაკარონებივით მქონდა. კორიდორში ამხანაგ ლენინის და ამხანაგ სტალინის პორტრეტები ეკიდა. უცებ ზემოდან მესმის:

- ა კიდო, ა კიდო, კიდო ამან დააგვიანა, - ეს იყო ლენინის ხმა. 

- რა ხანია, კობა, აქ ვართ დაკიდებული და ეს ჯერ სკოლაში თავის დროზე არ მოსულა. და ბალერინასავით დაფრინდა ჩემ წინ. სტალინი დინჯად დაეშვა მალიარის კიბეზე და ჩიბუხი გააბოლა. ლენინმა თითი ჩამარტყა თავში. სტალინმა უსაყვედურა: ასე უდიერად არ უნდა მოექცე კადრებს. ალბათ, ჩაეძინა ამ უდისციპლინოს. ხანდახან ადამიანებს ეძინებათ. 

- ამხანაგო სტალინ, თქვენ ხართ უხერხემლო ინტელიგენტი. 

სტალინმა უპასუხა, რომ მას ხერხემალი ძლიერი აქვს და სულაც არ არის ინტელიგენტი, მაგრამ ახლა ასე მოქცევა გაუმართლებელია. უცებ წვრილი ხმა გაისმა - ლიკვიდაცია! და ლენინის მკერდზე ნიშანში კიდევ ერთი პატარა ლენინი გაცოცხლდა და თითი ჩემკენ გამოიშვირა.

- აქვე, კორიდორში დაიხვრიტოს ყველას თვალწინ. 

- ამხანაგო, თქვენ ისევ ერევით პარტიულ ცხოვრებაში. თქვენ სად მიგავლინათ პარტიამ?

- ლენინის ორდენში. 

- და ფეხშიშველი რატომ ხართ? ცეკამ ხომ გიყიდათ შვეციაში ფეხსაცმელი. სად არის? კურტკაში გაცვალეთ?

- ამხანაგო სტალინ, თქვენ ხომ იცით, როგორი ცხელი გული აქვს ამხანაგ ლენინს? ცხელა ლენინის გულზე. 

- ლიკვიდაცია - ისევ იყვირა ლენინის ნიშანმა.

- რას გვარგებს ლიკვიდაცია, მისგან ხომ უნდა ვიხეიროთ რაღაც. მოდი, ტექნიკუმი დავამთავრებინოთ - თქვა სტალინმა ჩემზე. 

სიცხიანი ვიწექი, თავზე ექიმი მადგა და დედას ანუგეშებდა - ნუ გეშინია, გადარჩებაო.

და საერთოდ რა შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში იმაზე ტკბილი, ვიდრე სიცხე - 38 და 5. სკოლაში არ მიდიხარ, დედა ალერსით გელაპარაკება, მამას ჩექმა ხელში უჭირავს დ ისე დადის. ეს არის სამოთხე. 

რეზო ყვება როგორ გაგზავნა დედამ სოფელში და გზადაგზა გადაყრილ სიგარეტის ნამწვავებს როგორ აგროვებდა ბაბუასთვის და ხალვის თუნუქის ყუთში ყრიდა. 

რეზო გაბრიაძე: - ბიძაჩემი სულ ახალგაზრა იყო ომში რომ დაიღუპა, სულ უკოცნელი. ბებია და ბაბუა სულ ცაში იყურებოდნენ თვითმფრინავი რომ გადაიფრენდა და თვალები ეცრემლებოდათ. ბაბუა იაპონიის ომში იბრძოდა, სამხედრო იყო. 

ჩვენი სოფლის სახლი ადრე გადამწვარა, ერთი ქვის კედელი გადარჩენილა. დანარჩენი, რაც ამ სახლს ჰქონდა სულ იყო ან ნაპოვნი, ან ვიღაცის მოტანილი, ნაჩუქარი. ვიღაცას ბაბუასთვის ფიცარი უსესხებია. მერე ეს კაცი გარდაცვლილა და ეს ფიცარი ასე შეგვრჩა.

ოთხი მსხლის ხე გვერდგა. ორს არა უშავდა, მესამეს ხანდახან არა უშავდა და მეოთხე - კაცმა არ იცის რატომ იყო. 

სოფელში მეორე გორაკზე გერმანელი ტყვეები დასაახლეს. ერთხელ სამხედრო ოფიცერმა ჩვენთან გერმანელი ტყვე მოიყვანა და გვითხრა მოგეხმარებათო. გერმანელმა ტყვემ ჩვენი ჩეჩმა დაათვალიერა. ჩეჩმას უკანა კედელი არ ჰქონდა. მის ნაცვლად გეოლოგის გახუნებული პლაში ეკიდა. გერმანელმა გადასწია პლაში და რა დაინახა - აჭარის მთები, სამეგრელო, აფხაზეთი, შორს ზღვაც იკითხებოდა. და დაინახა ანტიკური სამყარო... და მან თქვა - სამოთხეა! მერე ამ გერმანელმა გათხარა მიწა და ტუალეტის სახლში შეტანა შემოგვთავაზა. ბაბუამ თოფი დაახალა - ომი წააგეთ და ახლა გინდათ სახლი განავლით გაგვივსოთო. 

საბოლოოდ მაინც გაგვიკეთეს სახლში ტუალეტი, სადაც ბაბუა მაინც არ შევიდა, თავის ჩეჩმაში დადიოდა, და ღამ-ღამობით გარეთ სიარულში გაცივდა და მოკვდა. კუბო იმ გერმანელმა გააკეთა. გასვენებაში მოსული ადამიანები ხის კუბოს ხელს უსვამდნენ და ამბობდნენ, მაინც როგორ მოვუგეთ ამათ ომიო. 

მერე გერმანელები გაუშვეს. წასვლის წინ, იმ ტყვემ ყველაფერი გაუკეთა ბებიას, შეშა დაუჩეხა, ნათურა დააგო. მე „სამაგატკა“ გამიკეთა. მთელ ქუთაისს შურდა ჩემი... 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე