„რატომ ვიმღერე, რა მინდოდა?! ვნანობ, რატომ არ ვიყავი შვილთან“ - ჯაზის 85 წლის ლეგენდა თავის სინანულზე

17:51 02-12-2020
18095

ქართული ჯაზის ლეგენდა, საბჭოთა კავშირის პირველი ჯაზ-შემსრულებელი ქალი - გიული ჩოხელი 85 წლის გახდა. როგორც ამბობს, საკუთარი დაბადების დღე არ უყვარს. უგუნებოდ იყო, ინტერვიუს ხასიათზე არ ვარო. მაინც შევიყოლიეთ...

 გიული ჩოხელი: - ჯაზმენისთვის 85 წელი არაფერია. თუ შენი საყვარელი საქმე გაქვს, არ ბერდები. ყველა თავის საქმეში უნდა იყოს, რომ თავი კარგად იგრძნოს. ცხოვრება საინტერესოა იმდენად, რამდენადაც საკუთარ საქმეში ხარ გართული. გული, სული და გონება დაკავებული გაქვს. მე ჯერ არ მიგრძვნია, რომ ასაკი მომემატა. 24 საათი ჯაზს ვუსმენ. ეს ჩემი ცხოვრების ჟანგბადია. 

ჯაზით დედამ მოწამლა. რადიო „ამერიკის ხმით“ ის ასმენინებდა პატარა გიულის აკრძალულ მუსიკას, ჩუმად და სიყვარულით. გიულის დედა, ელენე ჩოხელი  მუსკომედიის მსახიობი იყო და საქსოფონზე უკრავდა. ფილმში მხიარულ რომანი ელენე იპოლიტეს უფროსი დის როლს ასრულებს.

- საბჭოთა კავშირში როგორ ასრულებდით ჯაზს? თავისუფლების მუსიკას თავისუფლების აკრძალვის პირობებში?

- არ ვიცი... ალბათ, იმ ადამიანთა კატეგორიის წყალობით, ვინც უსმენდა ჩემს ჯაზს და მოვწონდი. გადაფარებულნი იყვნენ ჩემზე, ჩემს ქმარზე, გვიცავდნენ. აკრძალვა იმაში გამოიხატებოდა, რომ კონცერტებში არ გვსვამდნენ. გადაგვასახლეს კიდეც... სამინისტროში რომ მივდიოდით - ჯაზმენები მოდიანო და მინისტრი გვემალებოდა, ჩვენთან შეხვედრა არ უნდოდა. ჩემი ჯაზური რეპერტუარი (ინგლისურად შესრულებული) არ გადაიღეს და შემორჩენილი არ არის. 

როგორც ინტერვიუებში ამბობდა, ინგლისური არ იცის, თუმცა სიმღერისას ამას ვერავინ იფიქრებდა. 

მუსიკოსის ცხოვრებას დიდი ტრაგედიის გარეშე არ ჩაუვლია, ქალიშვილი გარდაეცვალა. მომღერალი ჩაიკეტა და სამი თვის მანძილზე არავის ენახებოდა. მერე ისევ ჯაზის მოსმენა დაიწყო... 

ხუთი წლის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა. გახლავთ ხელოვნების ქურუმის ჯილდოს მფლობელი და თბილისის საპატიო მოქალაქე. 

როგორც ამბობს, უმაკიაჟოდ სახლიდან არ გადის. საწოლშივე ასწრებს მის გაკეთებას. 

გიული ჩოხელი: - როგორიც ვარ სცენაზე, ისეთი ვარ ყოველდღიურობაში. ის მე ვარ, ხალმა უნდა მიცნოს, ამიტომ მუდმივად მაკიაჟით ვარ. მეზობლებს ნანახი ვყავარ უმაკიაჟოდ, ზოგჯერ, როცა ვავადმყოფობ. მაგრამ საწოლშივე ვასწრებ მის გაკეთებას. სარკეში რომ ჩავიხედავ, უნდა ვიცნო საკუთარი თავი. ახალგაზრდობიდან ვიკეთებ გრიმს და თვალი რაზეც მაქვს შეჩვეული, იმავე გამოსახულებას უნდა შევხედო სარკეში. ეს არის ჩემი სახე... 

ამ ექსპრომტი, პატარა ინტერვიუს ბოლოს ლეგენდამ თავის სინანულზეც მოასწრო ორი სიტყვა ეთქვა. 

გიული: - ვნანობ იმას, რომ ჩემი შვილი უჩემოდ გაიზარდა... რატომ ვიმღერე, რა მინდოდა?! რატომ არ ვიყავი შვილთან ოჯახში? ეს სინანული მაქვს. 

- ანუ, დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, კარიერას შვილთან სახლში ყოფნაზე გაცვლიდით.

- ბავშვს სწავლა უნდა, უცხო ენები, მუსიკა. თვითონ მე მუსკომედიის თეატრში გავიზარდე, დედა მსახიობი იყო. შვილს გასტროლებზე ვერ წავიყვანდი. სოლო კონცერტები, ხან იქ, ხან - აქ... ალბათ, იგივე განმეორდებოდა...

 

ავტორი: თამარ გონგაძე