ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

16:44 02-12-2020
19

საბურთალოს რაიონში, ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 7 109 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ნესტან-დარეჯანის ქუჩის მოწესრიგება ჩვენთვის პრიორიტეტული იყო, რადგან ის დიდ დიღომს და სოფელ დიღომს ერთმანეთთან აკავშირებს. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 722 857 ლარია გამოყოფილი.