ოპოზიციის უმეტესობა წელიწადის მეტ დროს ევროპასა და ამერიკაში ატარებს, მაგრამ ... - რას უწუნებს მათ ზაალ ანჯაფარიძე

14:27 02-12-2020
292

საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება-არდაბრუნება არის ლაკმუსის ტესტი ოპოზიციისათვის, თუ რამდენად აქვთ სახელმწიფოებრივი და საღი პოლიტიკური მიდგომა საკითხისადმი, - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე წერს.

„მგონი საელჩოებმაც მიახვედრეს, მაქსიმალურად დიპლომატიურად, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან წასვლა, მიუხედავად მომხდარისა, კონტრპროდუქტიული ნაბიჯია მათი მხრიდან.

ოპოზიციის უმეტესობა წელიწადის მეტ დროს ევროპასა და ამერიკაში ატარებს, მაგრამ დასავლური პოლიტიკური კულტურის და ეტიკეტის შეთვისების ნიშანწყალიც არ ეტყობათ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლური ორიენტაციის ფლაგმან-ადეპტებად გვევლინებიან.
ახლა მოუწიათ დრო, რომ საქმით დაამტკიცონ ეს...“, - წერს ანჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და ოპოზიციას დიალოგის მაგიდასთან დაბრუნება შესთავაზა.

„პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ოპონენტებს ვიწვევთ კვლავ დიალოგის მაგიდასთან, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსესუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია,რ აც პროცესების სტაბილიზაციას და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მზადაა ჩაერთოს.