exclusive - ვინ არის 28 წლის მუსიკოსი, რომელმაც „ლეკური“ 14 ინსტრუმენტზე შეასრულა

20:41 02-10-2020
5367

რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრჩელდა ვიდეო, სადაც მუსიკოსი ბეჟან წინწალაშვილი 14 მუსიკალური ინსტრუმენტის საშუალებით, „ლეკურის“ მუსიკას ასრულებს, კინოფილმიდან „ჯარისკაცის მამა“. „პრაიმტაიმი“ მუსიკოსს დაუკავშირდა და მის შემოქმედებით საქმიანობაზე, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

პროფესიით ბიზნესმენი ვარ, მაგრამ ამ მიმართულებით არასდროს მიმუშავია, ინტერესიც არ მაქვს. 28 წლის ვარ, მყავს მეუღლე ია მანგოშვილი და ერთი შვილი. ოჯახთან ერთად, რუსთავში ვცხოვრობ. 

width=600

- სოციალურ ქსელში თქვენი ჯვრიწერის კლიპს, უამრავი გამოხმაურება ჰქონდა... 

2017 წელს დავიწერეთ ჯვარი ყაზბეგში. სოციალურ ქსელში გავრცელდა  ვიდეოკლიპი, რომელიც ჩვენი ჯვრისწერის ულამაზესი კადრებით არის აკინძული და შექმნილი. გადაღებები, მყინვარწვერზე და ზღვის დონიდან 4000 მ-ის სიმაღლეზე მდებარე, პატარა სამების ტაძარში მიმდინარეობდა. ურთულესი გარემო პირობების მიუხედავად, ყველაფერი მშვიდობიანად და წარმატებით დასრულდა, მადლობა უფალს, ამ დიდი მადლისათვის! მართლაც, ულამაზესი კლიპი გამოვიდა. 

- პროფესიონალი მუსისკოსი ხართ? 

მუსიკალური განათლება მიღებული მაქვს, მაგრამ საკუთარ თავს, პროფესიონალად ვთვლი თუ არა, ამის აღიარება ძალიან მიჭირს. სტუდენტობის დროს შევქმენი ანსამბლი „ქართველო“, რომელსაც თავად ვხელმძღვანელობდი. ამ ეტაპზე, საბავშვო სტუდია ჩამოვაყალიბე, სადაც ვასწავლი მოზარდებს, ასაკის შეუზღუდავად. 

- ანსამბლი „ქართველო“ აღარ ფუნქციონირებს?

გარკვეული მიზეზების გამო, აღარ ფუნქციონირებს ანსამბლი. ბევრი დაბრკოლება გავიარეთ ამ წლების განმავლობაში და ისე მოხდა, რომ დროებით შევწყვიტეთ მოღვაწეობა. ერთ-ერთი მიზეზი, დაფინანსების პრობლემაც იყო.  ბოლო ორი წელია, რაც ანსამბლმა, არსებობა შეწყვიტა.

ყველაზე წარმატებული პერიოდი...

საკმაოდ ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. ხშირად დავდიოდით საზღვარგარეთ გასტროლებზე. ჩვენი ანსამბლი 7-10 წევრისგან შედგებოდა. სხვათა შორის, 2012 წელს „რუსთავი 2“-ის შოუს - „ნიჭიერის“ კონკურსის მონაწილეებიც კი ვიყავით. ნახევარფინალში ვიმღერეთ და ამის შემდეგ, პროექტს გამოვეთიშეთ. 

- რა ჟანრის სიმღერებს ასრულებდით?

უფრო, საავტორო რეპერტუარს ვასრულებდით, ვიდრე ხალხურს. მე თავად ვწერ სიმღერებს. მსმენელს, ძირითადად ჩვენი სიმღერებით გავაცანით თავი. 

- ყველაზე გამორჩეული სიმღერა...

ყველაზე მეტად, საზოგადოებას თავი შევაყვარეთ სიმღერით - „გიყვარდე“, რომლის მუსიკის ავტორი ვარ. რადიოში დღესაც ტრიალებს ჩვენი სიმღერა.

- რამდენ ინსტრუმენტზე უკრავ?

მუსიკალური ინსტრუმენტების შეგროვების სენით ვარ შეპყრობილი. რაოდენობა, არ მაქვს დათვლილი, მაგრამ ჩემს სტუდიაში, 50-მდე სახეობის მუსიკალური საკრავი მაქვს და თითქმის ყველა ინსტრუმენტზე ვუკრავ. დაახლოებით, ერთი წლის წინ გამიჩნდა იდეა, რომ გამეკეთებინა ერთწუთიანი ვიდეოკლიპები. მინდოდა, კვირაში ერთი ვიდეო გამეკეთებინა, მაგრამ რაც უფრო ჩავერთე, მივხვდი რომ საკმაოდ რთული იქნებოდა, ამიტომ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ახალი კლიპი ჩავწერო, სადაც სხვადასხვა სახის ინსტრუმენტი გამოვიყენო. 

- რომელ ვიდეოს ჰქონდა ყველაზე მეტი ნახვა?

ყველაზე მეტი გამოხმაურება „ლეკურის“ ვიდეოს მოჰყვა, რომელიც არის რეჟისორ რეზო ჩხეიძის ფილმიდან „ჯარისკაცის მამა“. ვცდილობ, ყველაზე გამორჩეული მუსიკა ავირჩიო, ისეთი რომელიც მეტ გავითარებას და მეტ ინსტრუმენტს დაიტევს და კარგად რომ განვავითარო, ისეთ მუსიკას ვირჩევ. ფილმი „ჯარისკაცის მამა“ ზოგადად, ჩემი ინსპირაცია იყო, მაგრამ ამავე დროს „ლეკურის“ მუსიკა, ყველასათვის სასიამოვნო მოსასმენი და ნაცნობი მუსიკაა. ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ამ მუსიკის განვითარება, ინსტრუმენტებით სხვადასხვაგვარად შეიძლებოდა და ასევე შეიძლებოდა, ბევრი რამის წარმოჩინება მუსიკაში - იყო საშუალება, რამდენიმე ინსტრუმენტი, კონკრეტულად, 14 ინსტრუმენტი ჩართულიყო და მრავალფეროვანი გამხდარიყო. სერგო ზაქარიაძის კადრიც არის ფილმიდან, რომელიც საკმაოდ ემოციური გამოვიდა. 

- კლიპში რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავთ... 

კლიპში „ლეკურს“ 14 ინსტრუმენტზე ვუკრავ. მეტის გამოყენებაც მინდოდა, მაგრამ რაც საინტერესო იყო, ამ ინსტრუმენტებით გადმოვეცი და ამიტომ, სხვა აღარ გამოვიყენე. 

- რა ინსტრუმენტებზეა სუბარი?

ჭუნირი, ჩონგური, ფანდური, მელოდიკა, აკორდეონი, საქსაფონი, ფან ფლეიტა, დოლი, ჯემბე, დრამი, ბასგიტარა. ჩავრთე ჩინური ინსტრუმენტი, რომლითაც საინტერესო ჟღერადობა მივიღე. ამ ინსტრუმენტს Xun-ი ჰქვია, ასევე გამოვიყენე tongue drum. 

- რატომ გაგიჩნდა იდეა, „ლეკურში“ ჩინური ინსტრუმენტი გამოგეყენებია?

დიდიხანს ვფიქრობდი ამ მუსიკაზე, 2-3 კვირა მოვანდომე ხმების და ინსტრუმენტების შერჩევას. შარშან, ჩინეთის გასტროლიდან, რამდენიმე ინსტრუმენტი ჩამოვიტანე - ტონგოდრამი და ხიუნი. ამ მუსიკას, სწორედ ხიუნი მოუხდა, ისე მოხდა, რომ კარგად მოერგო. საქსაფონმაც, თავისებური ელფერი შეიტანა მუსიკაში. ერთ-ერთი ჩინური ინსტრუმენტი ამოვიღე, რადგან ძალიან ბევრი გამოდიოდა და არ ჩაჯდა მუსიკაში. ტონგოდრამი, არის ინსტრუმენტი, რომელსაც სხვა სამყაროში გადაჰყავხარ და თბილი და განსხვავებული ბგერები აქვს. სერგო ზაქარიაძის კადრი სადაც ჩნდება, სწორედ, იქ ვუკრავ ჩინურ ინსტრუმენტზე - ხიუნი. 

- რომელ პროექტებში მონაწილეობდით?

ერთ-ერთი მუსიკალურ-ტურისტული პროექტია „ჯეოფოლკი“, რომელშიც საკმაოდ აქტიურად ვართ ჩართული. 2017 წელს ჩვენ პირადად შევხვდით ამერიკულ როკ-ჯგუფის „Aerosmith“-ის სოლისტს. სწორედ, ამის შემდეგ, მთელმა საქართველომ გაიგო ჩვენს შესახებ. ჩვენი შეხვედრა „Aerosmith“ -ის მთავარ გვერდზეც გააზიარეს და რამაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ამ კუთხით, ძალიან საინტერესო პროექტებში ვიღებთ მონაწილეობას. რამდენიმე დღის წინ, ყაზახეთის რესპუბლიკაში გვქონდა მიწვევა, სადაც არაერთხელ მიგვიწვიეს და გუშინ დავბრუნდით საქართველოში. გასული წლის ნოემბერში, პეტერგურგში ვიყავით გასტროლზე, მანამდე კი, ჩინეთში და უკრაინაში.

width=600

- სად შეხვდით პირველად „Aerosmith“- ის წევრებს?

სანამ მუსიკალური ჯგუფი „Aerosmith“ საქართველოში ჩამოფრინდებოდა და „Black Sea Arena“ -ზე კონცერტს გამართავდა, რამდენიმე ხნით ადრე, „ჯეოფოლკმა“ კლიპი გადაიღო, რომელიც ინტერნეტში „ვირუსივით“ გავრცელდა. Aerosmith -ის ხელმძღვანელობას, კლიპი მოეწონა და თავის გვერდზე გააზიარა. „dream on“-  კლიპის სახელწოდებაა, რომელიც ქართულ მრავალხმიანობაში გაკეთდა და ფაქტიურად, ამ პროექტის შემდეგ, პროექტის ერთ-ერთი წევრი გავხდი. ფოტოც კი გადავიღეთ სტივენ ტაილერთან, რომელიც კადრში, ჩემი ფანდურით არის. რომ მახსენდება, დღესაც არ მჯერა, რომ ამ დონის ვარსკვლავებს შევხვდი. ამის შემდეგ, „ჯეოფოლკი“, უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო. რამდენიმე ხანში კი, ბერა ივანიშვილთან ერთად დუეტი ჩავწერე - საახალწლო სიმღერების ნაკრები. 

- სამომავლო გეგმები...

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, „qartvelo studio“ - ს ბავშვებთან ერთად, ახალ პროექტებში მინდა მივიღო მონაწილეობა. ერთ-ერთ ჩემ კლიპს „შატილის ასულო“, რომელიც ჩემი სტუდიის ბავშვებთან ერთად ჩავწერე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კლიპი, იმ ქალბატონთან ერთად გადავიღეთ, რომელიც თავად არის ავტორი. ქალბატონის შესახებ, შემთხვევით გავიგეთ ჩემი მეგობრისგან და ახმეტის რაიონში სოფელ ალვანში ჩავაკითხთ. კარგად მომზადებულები ჩავედით და სიმღერის პირვანდელი ვარიანტი ჩავწერეთ. გაზაფხულზე კი, ახალი კლიპის ჩაწერას ვგეგმავთ.

- ვინ მონაწილეობს კლიპში?

ჩემი სტუდიის ბავშვებთან ერთად, თავად „შატილის ასულოს“ ტექსტის ავტორი - ფატიმა წიტოიძე მონაწილეობს. ერთი დიდი ისტორიაა და თან საკმაოდ საინტერესო. ყველამ იცოდა, ამ ავტორის შესახებ, მაგრამ ჩვენი კლიპის შემდეგ, უფრო მეტად დიდი ტალღა წამოვიდა. 

- ყველაზე მეტად, რომელ პროექტს გამოარჩევდით?

ყველაზე მეტად, აფხაზეთის თემაზე გადაღებულ კლიპს - „ჩვენ დავბრუნდებით“ გამოვარჩევდი, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი გამოხმაურება არ ჰქონდა. მუსიკა, სცენარი და რეჟისურა, ჩემი მოფიქრებულია. ენგურის ხიდის იმიტაცია გავაკეთედ, სადაც ჯარისკაცები, ბავშვებს არ უშვებენ და ამ დროს, დეტალური აღწერა მიდის იმ ხატის, სადაც დედა ღვთისმშობელს საქართველოს ხატი უჭირავს - სწორედ, ამ ხატის გადაცემის შემდეგ, გაგვატარებენ ხიდზე. ძალიან ემოციური კლიპი გამოვიდა და გული მწყდება, რომ  ცოტა ნახვები ჰქონდა. ალბათ, სხვა მექანიზმი მუშაობს, ვერ გავერკვიე ბოლომდე. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს კლიპი. ისეთი მასალაა, არ მიფიქრია, რომ გვერდზე დარჩებოდა.

- როგორც ჩანს, სპონსორი გყავდათ...

აფხაზური პროექტის გადაღებების დროს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომპანიას ვთხოვეთ დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვეხმაურა. ამის შემდეგ, ჩვენი ძალისხმევით მოვახერხეთ კლიპის გადაღება. სპონსორი არ გვაყვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უდიდესი სურვილი გვაქვს. ამ ეტაპზე, ჩვენი სახსრებით ვახერხებთ პროექტებში მონაწილეობას. რეალური და კარგი გეგმები მაქვს, მაგრამ წინ ბევრი და რთული ეტაპი მაქვს გასავლელი. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე