გაიცანით ქართველი მორაგბე, რომელიც თბილისის ქუჩებს ხაზავს და ბავშვებს რაგბიში უფასოდ ავარჯიშებს

21:44 02-06-2020
3172

დედაქალაქის ქუჩებში დადიოდა და ოცნებობდა. ოცნებობდა უკეთეს ქალაქზე, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურაზე. ეს ოცნება განსაკუთრებით მაშინ უმძაფრდებოდა, როდესაც უცხო ქვეყნიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. უნდოდა, ევროპული ქალაქების მსგავსად თბილისის ქუჩები მოწესრიგებული ყოფილიყო. 27 წლის მორაგბე ზაურ კაჭარავა, მაშინ უბრალოდ ოცნებობდა...

წლები გავიდა და ახლა, ამ ოცნებას ფრთებს ასხამს.  უკვე რამდენიმე თვეა, „თბილსერვის ჯგუფში“ მუშაობს და დედაქალაქის მასშტაბით გზის სავალ ნაწილზე საგზაო მონიშვნებსა და ქვეითთა გადასასვლელებს თერმო და ცივი პლასტიკით ხაზავს.

პროფესიით ეკონომისტია, თუმცა მთელი ცხოვრება სპორტს მიუძღვნა. მაშინ, როცა სამსახურში არ არის სტადიონზე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ან მარნეულში რაგბიში ახალგაზრდებს ავარჯიშებს. ყოველი წუთი გაწერილი აქვს. ამბობს, რომ ეს ყველაფერი შრომატევადია, თუმცა სიამოვნების მომტანი.

„პრაიმტაიმი“ქართველ მორაგბეს გაგაცნობთ, რომელიც დედაქალაქის ინფრასტრუქტურაზე და  მარნეულელ  ახალგაზრდა სპორტსმენებზე ზრუნავს.

„წარმოშობით სამტრედიიდან ვარ, 20 წელია თბილისში ვცხოვრობ. სკოლის დამთავრების შემდეგ, ეკონომიურ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. თუმცა, ეს პროფესია მეორეხარისხოვანი იყო. ბავშვობიდან სპორტს მივდევდი და ძირითადი აქცენტი რაგბიზე მქონდა. 15 წლის წინ, კლუბ თბილისის „არმაზში“ მივედი და ამ დრომდე იქ ვარ. თავიდან  B ლიგაში ვიყავი, შემდეგ A-ში, ბოლოს კი უმაღლეს ლიგაში გადავედი სადაც პროფესიონალი გუნდია. ჩემთვის ყველაზე მთავარი და ძვირფასი შენაძენი ამ წლების მანძილზე ის ურთიერთობები და ადამიანებია, რომლებიც ამ კლუბში გავიცანი. ახლა მას მარნეულის „არმაზი“ ჰქვია, რადგან მარნეულის მუნიციპალიტეტი გახდა ჩვენი სპონსორი. რის სანაცვლოდ, ჩვენ მარნეულში სპორტის ეს სახეობა უნდა განგვევითარებინა. უკვე ოთხი წელია, რაც მარნეულის რამდენიმე სოფელში ქართველ და აზერბაიჯანელ ბავშვებს, მე და ჩემი მეგობარი რაგბიში უსასყიდლოდ ვავარჯიშებთ. სპორტის ეს სახეობა ამ რეგიონში პირველებმა ჩვენ შევიტანეთ. თავიდან ადგილობრივები ჩვენს წამოწყებას სკეპტიკურად უყურებდნენ. მახსოვს, პირველ შეხვედრაზე მხოლოდ ხუთი ბავშვი მოვიდა. ახლა საერთო ჯამში 50-მდე მოზარდია ამ სპორტით დაინტერესებული და მშობლებიც აქტიურად ესწრებიან თამაშებს. ჩვენდა სასიხარულოდ ერთ-ერთი მარნეულელი მოზარდი, რომელიც ჩვენთან ვარჯიშობდა ეროვნულ ნაკრებში მოხვდა. მთავარი მიზანია მარნეულელი ახალგაზრდები ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავდნენ. თუ დავინახავთ, რომ ბავშვს აქვს პოტენციალი ითამაშოს დიდი რაგბი, ჩვენს მთავარ გუნდში, თბილიში გადმოგვყავს.

რაც შეეხება „თბლისერვის ჯგუფს“, უკვე ოთხი თვეა, რაც ვმუშაობ. ჩემს თანამდებობას ოპერატორი ჰქვია. მევალება გზის სავალ ნაწილზე საგზაო მონიშვნების გაკეთება და შემდეგ უკვე დახაზვა, როგორც ზებრა გადასასვლელების, ისე წყვეტილი ხაზების და ა.შ. თბილისში უკვე ჩემს მიერ დახაზული ბევრი ქუჩაა.

დაოჯახებული ვარ, მყავს მცირეწლოვანი შვილი და სასწაული შეგრძნებაა, როდესაც შენს დახაზულ გზის სავალ ნაწილსა თუ ტროტუარზე შვილთან ერთად დადიხარ. ყოველთვის მინდოდა, ჩემი ქალაქი ევროპის დედაქალაქების მსგავსად მოწესრიგებული ყოფილიყო. ქალაქის და საზოგადოების კულტურა ნელ-ნელა ვითარდება. მინდოდა და დღესაც მინდა, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო თბილისის განვითარებასა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაში. რამაც განაპირობა ჩემი „თბილსერვის ჯგუფში“ მუშაობის დაწყება სწორედ ეს იყო. ის საქმე რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გუნდურობასთან არის დაკავშირებული, რაც რაგბიდან მაქვს გათავისებული და ძალიან მეხმარება.

იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში ქუჩებში ინტენსიური საავტომობილო მოძრაობაა, ჩვენი სამუშაო ძირითადად ღამის საათებში იწყება. ამ ყველაფერს რაგბის თამაშსაც ვუთავსებ. კლუბში კვირის განმავლობაში ხუთი დღე უნდა ვვარჯიშობდე, სამსახურის გამო ხელს მიწყობენ და სამ დღეს დავდივარ. დარჩენილ დროს ვმუშაობ და ბავშვებს ვავარჯიშებ. “- ამბობს ზაურ კაჭარავა.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი