ირანი ჩამოგდებულ უკრაინული თვითმფრინავის „შავ ყუთებს“ უკრაინას გადასცემს

20:37 01-18-2020
67

ირანი უკრაინას ჩამოგდებული Boeing 737-ის „შავ ყუთებს“ გადასცემს. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელმა ჰასან რეზაირფარმა განაცხადა.

„უკრაინელ ექსპერტებთან განმეორებითი შეხვედრის შემდეგ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ირანში ამ ყუთების გაშიფვრა შეუძლებელია. უკრაინული მხარის თხოვნით, ფრენის ჩანაწერი მათ გაეგზავნებათ“, - განაცხადა ჰასან რეზაიფარმა

კიევში „შავი ყუთების“ გაშიფვრის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები, საფრანგეთიდან, კანადიდან და ამერიკიდან. იმ შემთხვევაში თუ კიევში ამ ყუთების გაშიფვრა ვერ მოხერხდება ისინი პარიზში გაიგზავნება.

მანამდე, უკრაინის საგარეო უწყებამ ირანს მოსთხოვა კიევისთვის „შავი ყუთების“ გადაცემა. 

შეგახსენებთ, რომ თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვარს თეირანის მახლობლად ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა.

14 იანვარს ირანის მთავრობამ ავიალაინერის ჩამოგდების საქმის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა.