შსს ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხავს - „ხელისუფლების დამხობის მცდელობა“

16:22 01-14-2020
43

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას და წინასწარ პატიმრობაში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხავს. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შსს-ში დაუდასტურეს.

საქმე ეხება, 20-21 ივნისს რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს, რასთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 315 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს (ამბოხება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდების მიზნით).

„ამ საქმეში შემხებლობაში მყოფ ყველა პირს გამოვკითხავთ, მათ შორის, გიდასტურებთ, რომ იგეგმება ნიკანორ მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვაც“, - გვითხრეს შსს-ში.

აქვე შეგახსენებთ, რომ გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის იმ განცხადებითაც დაინტერესდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიას გადაცემაში ჩართვისას გააკეთა. სააკაშვილის თქმით, „2019 წლის 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და ეს რეჟიმი დაემხობოდა. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“.

შსს-ში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ფაქტს მიეცემა სამართლებრივი შეფასება.