ბიძაჩემი რომ გარდაიცვალა, მამამ იმ საღამოს სპექტაკლი ითამაშა - უცნობი ამბები ედიშერ მაღალაშვილზე

13:52 01-14-2020

თბილისში ცნობილი ნეიროქირურგი გოგი მაღალაშვილი ორიოდე თვის წინ თავდასხმის სამიზნე გახდა. თავისი პროფესიონალიზმით სახელგანთქმულ ექიმს უკამყოფილო პაციენტის ახლობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამედიცინო წრეებში გოგი მაღალაშვილის სახელი ყველასთვის ცნობილია. მას მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში უამრავი პაციენტი ჰყავს გადარჩენილი, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ბატონი გოგი ცნობილი მსახიობის ოჯახიდან არის. ის საქართველოს სახალხო არტისტის, ედიშერ მაღალაშვილის ვაჟია.    

გთავაზობთ ინტერვიუს „პრაიმტაიმის“ არქივიდან, სადაც გოგი მაღალაშვილი იხსენებს, თუ როგორ არჩია რეჟისორობას ექიმობა.

მცხეთის ქუჩაზე ვხცოვრობდით და ზამთარში დაღმართზე ვეშვებოდი, ვსრიალებდი. მერე მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს, 23- სკოლის უკან გადავედით საცხოვრებლად. სკოლასთან ვთამაშობდი ფეხბურთს. ჩვენთან სულ მსახიობები მოდიოდნენ სტუმრად. თავიდან რეჟისორობა მინდოდა. მეათე კლასში რომ ვიყავი, მამამ მიშა თუმანიშვილთან მიმიყვანა გასაუბრებაზე. მიშამ უცნაური შეკითხვები დამისვა, სილაში თამაში თუ გიყვარსო? აინტერესებდა, რეჟისორობა რომ მინდოდა, შემოქმედებითი ნატურა ვიყავი თუ მიწაზე მყარად მდგომი. როგორ მაკადრა, სილაში მეათე კლასელი როგორ უნდა ვთამაშობდე-მეთქი, გავნაწყენდი. არ გირჩევო, მამას უთხრა. რეჟისორს ფანტაზია უნდა ჰქონდეს და უნდა აფრენდესო. მერე, ვაჟაზე, სამედიცინო ინსტიტუტის წინ გადავედით საცხოვრებლად. პრაქტიკული და რეალისტი ვარ. პირდაპირ სამედიცინო ინსტიტუტი იყო, სადაც ძალიან ლამაზი გოგონები სწავლობდნენ. და სრულიად პრაგმატული გადაწყვეტილება იყო, რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა“.

დიპლომი 70 წლის შემდეგ

მამაჩემი სამედიცინოზე, სამკურნალოზე სწავლობდა. მესამე-მეოთხე კურსზე იყო, როცა ვახტანგ ტაბლიაშვილმაქეთო და კოტესეპიზოდში გადაიღო და ისე მოეწონა, პირდაპირ უთხრა: შენ ჩემთან, თეატრში უნდა წამოხვიდეო. თეატრალურში დაუსწრებლად, უგამოცდოდ მოაწყო. მერე მარჯანიშვილის თეატრში წაიყვანა. მამას დიპლომი არ აუღია. სულ გადაღებებზე იყო და ვერ მოახერხა. დიპლომი სამოცდაათს რომ იყო გადაცილებული მაშინ მისცეს. იმის დარდი, რატომ ექიმი არ გამოვედიო, ნამდვილად არ ჰქონდა. მშვენივრად რეალიზებული იყო. კინოსა თუ თეატრებში აბსოლუტურად დაკავებული იყო და პრობლემები არ ექმნებოდა. დედა - ნატალია ყავრიშვილი პიანისტი იყო. მისი წყალობით მუსიკალური ათწლედიც მქონდა დამთავრებული, მაგრამ ნაძალადევად. ისე შემძულდა ინსტრუმენტი და ნოტები, მაშინ რომ დავხურე, დღემდე არ დავმჯდარვარ“.

რბილი კაცი იყო, ცოტა უხასიათოც

ბავშვობიდან მახსოვს, საგრიმიოროში რომ იყო მამა, როგორ იშორებდა გრიმს ვაზელინით. მამას კინოეპოპეა იმ დროს იყო, როცა მე პატარა ვიყავი. რომ წამოვიზარდე, უკვე თეატრალური პროფილით მუშაობდა. ამდენად, გადასაღებ მოედანზე არ ვყოფილვარ. თუმცა მახსოვს, კინოსტუდიაში გახმოვანების პროცესი. ჩუმად იყავი, გავახმოვანებ და მალე წავიდეთ სახლშიო, მეტყოდა.

- როგორი იყო ედიშერ მაღალაშვილი სახლში?

- მკაცრი არ იყო. ხმამაღლა იტყოდა, მაგრამ... რომ მეტყოდა ამას გიკრძალავო, მე მაინც ვაკეთებდი. რბილი კაცი იყო, ცოტა უხასიათოც, შეიძლება ითქვას. სულ შურდა იმ მსახიობების, რომლებიც ტექსტს ადვილად იმახსოვრებდნენ. ამბობდა, ჯულიეტა ვაშაყმაძე ათ გვერდს გადაიკითხავდა და უცებ ზეპირად იტყოდაო. სარკესთან ემოციებში ტექსტს რომ კითხულობდა, თუ შევუხედავდი, გადიო, უკან მაბრუნებდა. უნდა გეჩვენებინა, რომ მისი მიღებულია ეს გადაწყვეტილება და ყველაფერს გააკეთებინებდი. შენს გადაწყვეტილებას შეაპარებდი და გააკეთებინებდი. მე და ჩემ ძმას ტაქტიკა გვქონდა - მამა როგორ „დავაბათ“. დედა სულ ელოლიავებოდა. მამას გამო საკონცერტო კარიერა შეწყვიტა. 24 საათი როიალზე დაკვრა აღარ გამოსდიოდა. არადა, თავის დროზე წარმატებული პიანისტი იყო. რადიოში დღესაც არის მისი ჩანაწერები“.

„კინოში უარყოფით პერსონაჟებს ასრულებდა, ამ დროს, ცხოვრებაში ძალიან წესიერი და ოჯახის კაცი იყო. ბოჰემაში ტრიალებდა და ხომ შეიძლებოდა ყური მომეკრა, რაიმე ცუდი ეთქვათ მასზე, მაგრამ არასდროს გამიგია. ყველა აქებდა. ერთი პერიოდი, მისი თაობის მსახიობებთან ერთად, ძალიან პოპულარული იყო. შარშან მაჩუქეს 61 წელს გაკეთებული ნარდი, რომელზეც გარედან ზიჩის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაცია იყო, შიგნით ლეილა აბაშიძისა და მამაჩემის პორტრეტები დახატული. ეს ნარდი ადრე სამტრედიაში მქონდა ნათამაშები. ედიშერის სურათები იყიდებოდა, გოგოები იტაცებდნენ. „სოიუზპეჩატის“ სალონებში იყო გამოკრული მისი ფოტო“.

- დედა ეჭვიანობდა?

- შეიძლება გულის სიღრმეში ეჭვიანობდა. მაგრამ მამა არ იყო ის ტიპი, ან რა ჰქონდა საეჭვიანო? ერთადერთი, ქეიფი უყვარდა და დედა ამაზე ბრაზობდა, თავს მოიკლავ, რამდენს სვამო. ბოლომდე სვამდა, არ კადრულობდა ვინმეზე ნაკლების დალევას. ერთხელ, პეტერბურგში, იქაურმა ქართველმა რესტორანში დაგვპატიჟა. იმ კაცმა მიმტანს ორი ბოთლი არაყი მოატანინა, თითო-თითო დავიდგათო. დედამ ერთი ბოთლი ოფიციანტს შეუმჩნევლად წყლით შეაცვლევინა. მამამ გადაკრა და გადახედა დედაჩემს, მიხვდა ვისი ხელიც ერია ამაში, მაგრამ იქვე ხომ არაფერს ეტყოდა? ასე ვერ გათქვა და მამაჩემი მთელი საღამო წყალს სვამდა. დედა იუმორით სავსე ქალი იყო და თავისი იუმორის წნეხის ქვეშ ამყოფებდა მამას. ნატა ისეთ ფრაზას არ ამბობდა, მასში რამე „ხოხმა“ არ ყოფილიყო.

„განსაკუთრებულად მისი პირველი როლი მიყვარს „ქეთო და კოტეში“. ძალიან ახალგაზრდაა და სახასიათო პატარა მკვეთრი როლი აქვს. მღერის და ერთ ფრაზას ამბობს. თეატრში ჰქონდა სერიოზული როლები. კინოში სახელმწიფოს წინააღმდეგ კარიერისტი კოლმეურნეობის თავმჯდომარის და წესიერი ქალების „შემცდენელის“ როლებით დაშტამპეს. დღევანდელ დღეს ეს თემატიკა როგორი საყურებელია. თვითონ ღადაობდა ფილმის - „გაზაფხული საკენში“ ფინალზე. ულამაზეს ლიანა ასათიანთან ერთად თამაშობდა. ფინალში მას „აბავდა“, კავკასიონის მწვერვალზე ისხდნენ და მამას ჰქონდა ასეთი ფრაზა: იმ მწვერვალის იქით რუსეთია, რუსეთში დიდი მოსკოვია, დიდ მოსკოვში კრემლია და იმ კრემლში სტალინი ზისო. ერთხელ მომიბრუნდა: „ეს ტექსტი სიყვარულის ახსნისას რომ გაამართლო, დე ნირო უნდა იყო. არადა, ბუნებრივად ჟღერს. რა ტექსტი მაქვს, ეს როგორ ვითამაშეო“. დე ნირო ვერ ითამაშებდა, მამა, შენ ხარ მხეცი-მეთქი“.

„ჩემი ძმა, მიშა, კინოოპერატორია. მანამდე სამსახიობო დაამთავრა, მარჯანიშვილის თეატრში რამდენიმე სეზონი იმუშავა და მერე შეეშვა. ცოტა ძველი ბიჭი იყო და დარბაზში „პლეხანოვი“ რომ შემოდიოდა, მიშას თამაში „უტყდებოდა“. მერე, გარკვეულწილად ჩემი გავლენით, კინოოპერატორობა გადაწყვიტა. ოპტიკა და ფოტოტექნიკა იცოდა. მე ბავშვობიდან ფოტომოყვარული ვარ. სახლში სულ იყო კარგი ფოტოაპარატი, აბაზანაში ვიკეტებოდი და ფერად ფოტოებსაც ვბეჭდავდი. მერე, მედიცინაში მოსვლისას, მოხსენების დროს ამიტომ მქონდა ყველაზე კარგი სლაიდები. მიშა, გოგა ხაინდარავასთან, ავთო ვარსიმაშვილთან და დიტო ცინცაძესთან ერთად მუშაობდა. საუკეთესო ოპერატორის პრიზი აქვს აღებული“.

„დისერტაცია 1991 წელს უნდა დამეცვა. მერე ომი იყო და დისერტაციისთვის არავის სცხელოდა. (ახლა სახლში მიდევს დისერტაცია - ეპილეფსიის დროს ფსიქომოშლილობის ფსიქოქირურგია) მერე უკვე ქალაქში ისეთი იმიჯი მქონდა, არც მჭირდებოდა პროფესორის სტატუსი. ბევრ პროფესორს არ ჰქონდა იმდენი სამუშაო, მე რომ მქონდა. 45 წელს რომ გადავცილდი, უკვე მრცხვენოდა, ვისაც ვასწავლე, იმისთვის გამოცდა უნდა ჩამებარებინა და მერე იმას ემსჯელა ჩაეთვალა თუ არა ჩემთვის. მტკიცება აღარ დავიწყე. ჩემს თავს აღარ ვაკადრე“.

- რთულ ოპერაციებს აკეთებთ... როგორ ახდენთ თავის მობილიზებას?

- მამაც მეუბნებოდა, მსახიობობის დროსაც მობილიზება ხდებაო. ბიძაჩემი რომ გარდაიცვალა, მამამ იმ საღამოს სპექტაკლი ითამაშა. ოპერაციის დროსაც ასე ხდება. დილის ექვს საათზე ოპერაციას მოვრჩი. ცხრა საათზე კონფერენციაზე ვიჯექი და წინ კიდევ ორი დიდი ოპერაციაა. ვიცი, რომ შევალ, აბსოლუტური პროფესიული მობილიზაცია მოვა. შინაგანი ადრენალინი გამოიყოფა. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი დედამიწის ზურგზე ოპერაცია კეთდება. ამ კლინიკაში გადმოსვლის მიზეზი ის იყო, რომ აქ ბევრად მეტი ტექნიკური საშუალებაა. ბლომად ოპერაციები წამოვიდა... ჩემი უფროსი ვაჟი, ედიშერიც, ნეიროქირურგია, ჩემთან მუშაობს. ჩემგან განსხვავებით დისერტაცია დაიცვა. უმცროსმა, გივიმ ბიზნესმენობა გადაწყვიტა“.

„მამა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედა, რამდენიმე წლით ადრე. ძალიან გაუჭირდა ცოლის გარეშე. დედა პატარა ბავშვივით უვლიდა. მამას კუჭის წყლული ჰქონდა და გასტროლებზე ნატა მენიუთი მიჰყვებოდა. მერე ჩემი მეუღლე ცდილობდა მისთვის დიეტური კერძების გაკეთებას, მაგრამ მაინც ისეთი ეჭირა, ეტყოდა - ნატა სხვანაირად აკეთებდაო. „ხორცისტი“ იყო, ხორციანი კერძები უყვარდა. ზაფხულში სადღაც წავედით. ჩემმა მეუღლემ ჩანახი გაუკეთა და დაუტოვა. ქვევით იყო ხორცი, ზევით ბადრიჯანი და პომიდორი ფენა-ფენა ელაგა. დავურეკეთ, მოვიკითხეთ, ჭამე რაც დაგიტოვეთო? ცოტა ვჭამე, არ მომეწონაო. სამი დღის მერე აღფრთოვანებულმა დარეკა, უი, ხორციანი ყოფილა და ძალიან გემრიელიაო. კერძი იმდენი იყო, ბოსტნეულიდან ხორცამდე მესამე დღეს ჩავიდა და მერე მოეწონა. ვერ წარმოიდგინა, რომ უხორცო კერძს დავუტოვებდით. კაი ვინმე იყო, უცნაური და საინტერესო. უყვარდა რომ ემსახურებოდნენ. დისტანციურ პულტს ხელს თვითონ არ აჭერდა. ედიშო, გადამირთეო, შვილიშვილს ეტყოდა. ტანით დიდი არ იყო, ჩემი ტანის იყო, მაგრამ სცენაზე ახოვანი, მაღალი ჩანდა. მნიშვნელოვანი და მამაკაცური იყო. მასზე მაღალ ხალხთან ერთად მდგარა სცენაზე, მაგრამ სანამ ერთად არ დამდგარან, ვერ იტყოდი იმათზე დაბალიაო. ფოტოგენური იყო. თავისი გარეგნობით მნიშვნელოვანი, კარგი ფაქტურა ჰქონდა. ძალიან სხვანაირი დამოკიდებულება გვქონდა მე და ჩემ ძმას მშობლების მიმართ. ძალიან გვიყვარდა ორივე. სასაფლაოზე რომ ავდივარ, იმის განცდა არ მაქვს, რომ მათთან ვარ. ეს იგივეა, რასაც მიშა თუმანიშვილი მეუბნებოდა - შენგან რეჟისორი არ გამოვაო. ფანტაზია არ მაქვს. იქ ჩემთვის მხოლოდ ქვა და მიწაა. დედასთან და მამასთან კი ფიქრებში ვამყარებ სულიერ კავშირს. მახსენდება რაღაცები... ეს ყველაფერი ემოციურ დონეზეა, ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ“.

ავტორი: თამარ გონგაძე