ლადო ასათიანის უცნობი ლექსი, რომელიც მოზარდმა ბაბუის არქივში იპოვა

12:39 01-14-2020

დღეს ქართველი პოეტის, ლადო ასათიანის დაბადების დღეა. ლადო 1917 წლის 14 იანვარს, ქუთაისში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა.

პირველი ლექსი (თებერვლის დილა) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“.

ცოტა მოგვიანებით იყო: „საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე, ეხ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!” და კიდევ უამრავი, თუმცა ვრცელდება ლადო ასათიანის უცნობი ლექსი, რომელიც კომაროვის სკოლის მოსწავლემ, ნიკუშა ნასარიძემ ბაბუის არქივში აღმოაჩინა. 

გალაკტიონს

საქართველოში შენს გარდა მგოსანს

დღეს ქების შაირს არ ვეტყვი, არა!

შენა ხარ ლექსის მეორედ მოსვლა

და რომ არ გითხრა, ივარგებს განა?

ხან ამაყი ხარ, გულანათრთოლი

ხან კი ბავშვივით ხარ დარცხვენილი

ხან მოცახცახე ვერხვის ფოთოლი

შემოდგომისას ძირს დაცვენილი.

რით გაგაკვირვო? რით გაქო? ბოლოს

ერთს გეტყვი მარტო, შეგირდი შენი

ჩვენში მგოსანი შენა ხარ მხოლოდ

რომ სიცოცხლე და ლექსები შვენის!

1939. ლადო ასათიანი

შეგახსენებთ, რომ ქართველი პოეტი ლადო ასათიანი 1943 წელს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.